ირაკლი კობახიძე: უამრავი იურისტია, რომელმაც იურიდიული დაამთავრა და საერთოდ სხვა მიმართულებით მუშაობს, რადგან თავის დროზე არავინ გააანალიზა, რამდენი იურისტი სჭირდება ქვეყანას, გვყავს უამრავი იურისტი და ეკონომისტი, არის უზარმაზარი ჩამორჩენა ტექნიკურ მიმართულებებში, როგორიცაა – არქიტექტურა, მშენებლობა, ამას სჭირდება გამოსწორება

განისაზღვრება პრიორიტეტები შრომის ბაზრის პრიორიტეტების მიხედვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს არ ვიცით, რამდენი იურისტი გვჭირდება, ეს არავის შეუსწავლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ გამოშვებულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის აცდენა ხშირად ორმაგზე და სამმაგზე ბევრად უფრო მეტია.

„უამრავი იურისტი ვიცი ჩემს გარშემო, რომელმაც იურიდიული დაამთავრა და საერთოდ სხვა მიმართულებით მუშაობს. უამრავია ასეთი, რადგან თავის დროზე არავინ გააანალიზა, რამდენი იურისტი სჭირდება ქვეყანას. იგივე ეხება მედიცინას, ტექნიკურ მიმართულებებში უზარმაზარი ჩამორჩენა გვაქვს. გვყავს უამრავი იურისტი და ეკონომისტი, ტექნიკურ საგნებს საერთოდ არ ექცევა სათანადო ყურადღება. არის უზარმაზარი ჩამორჩენა არქიტექტურა, მშენებლობა, რაც კი შეიძლება გავიხსენო ტექნიკური საგანი. ამას სჭირდება გამოსწორება. პირველია შრომის ბაზრის მოთხოვნები და მეორე შეიძლება იყოს ისეთი მიმართულებები, სადაც შრომის ბაზარს არ აქვს მოთხოვნა, მაგრამ სახელმწიფომ შეიძლება, მოახდინოს სტიმულირება. მათ შორის, როდესაც საუბარია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ პოტენციური მოთხოვნები. შეიძლება, არსებული ბაზრიდან გამომდინარე, დღეს ქვეყანას პირობითად არ სჭირდება ამდენი ფიზიკოსი, მაგრამ უნდა გავთვალოთ, რომ ათჯერ მეტი ფიზიკოსი დაგვჭირდეს ხვალ, თუ ქვეყანაში განვითარდება ეკონომიკის კონკრეტული მიმართულებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, შრომის ბაზრის კვლევის მოთხოვნების ანალიზის პროცესში ჩართული იქნებიან განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროები და ეს ყველაფერი ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები