პრემიერი: იყო სუბიექტური ინტერესები წინა ხელისუფლების პირობებში, მათ ჰქონდათ ინტერესი, რომ დაესუსტებინათ სახელმწიფო უნივერსიტეტები და ამის ხარჯზე გაეძლიერებინათ საკუთარი ბიზნესინტერესები და კერძო უნივერსიტეტები, მიზანმიმართულად ხდებოდა სახელმწიფო უნივერსიტეტების სისტემის მოშლა

2 ქალაქში უნდა იყოს უზრუნველყოფილი მრავალფუნქციური განვითარება საუნივერსიტეტო სისტემის, მათ შორის, ეს ეხება  ქუთაისს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, ქუთაისში უნდა დაიფაროს აბსოლუტურად ყველა მიმართულება.

„ქუთაისში დღეს არის 2 სახელმწიფო უნივერსიტეტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი. როდესაც ვსაუბრობთ ოპტიმიზაციაზე, აქ არ იგულისხმება გინდა თუ არა უნივერსიტეტების შერწყმა, შეიძლება ჩვეულებრივად დარჩეს ორივე უნივერსიტეტი ავტონომიურად, დამოუკიდებლად. აქ საუბარია, რომ ქუთაისში უნდა დავფაროთ აბსოლუტურად ყველა მიმართულება, როგორიც არის ტექნიკური მიმართულებები, ჰუმანიტარული, ეკონომიკა, სამართალი, სოციალურ-პოლიტიკური და ა.შ. იქნება 2 ძირითადი კერა, ქუთაისი და თბილისი პლუს რუსთავი, რომელიც დაფარავს აბსოლუტურად ყველა სპეციალობას, რასაც მოიაზრებს ზოგადად უმაღლესი განათლების სისტემა. რაც შეეხება სხვა უნივერსიტეტებს რეგიონებში, ისინი იქნება არსებითად პროფილური უნივერსიტეტები, რომლებიც მოიცავს მხოლოდ რამდენიმე ძირითად მიმართულებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაკონკრეტდება რეფორმის განხორციელების პროცესში.

რაც შეეხება თბილისს, თბილისზე გვქონდა განსაკუთრებული აქცენტი, როდესაც საუბარი იყო ამ პრინციპზე – ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. თავის დროზე, ეს პრინციპი იყო დაცული საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. იყო თსუ, რომელიც იყო არსებითად მრავალფუნქციური, იყო ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც მოიცავდა ტექნიკურ დარგებს და იყო სამედიცინო უნივერსიტეტი, ამას ემატებოდა პედაგოგიური, სულხან-საბას ინსტიტუტი ერქვა თავის დროზე. ეს პრინციპი იყო დაცული და ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ოპტიმალურად იყო გამოყენებული საკადრო და ინფრასტრუქტურული  რესურსი. შემდეგ, 90-იან წლებში იყო აბსოლუტური ქაოსი, მთლიანად მოირღვა ეს ლოგიკური სისტემა და ამას კიდევ უფრო მძიმე ცვლილებები დაემატა 2004-2012 წლებში, რასაც სუბიექტური ინტერესები განაპირობებდა ძირითადად. ილიას უნივერსიტეტის შექმნის ისტორია რომ გავიხსენოთ, იყო ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელსაც უნდოდა თსუ-ს რექტორობა, სხვანაირად გადაწყდა პოლიტიკურად და ამ ერთ კაცს შეუქმნეს ილიას უნივერსიტეტი სულხან-საბას საფუძველზე და შემდეგ გააფართოვეს. ასეთი სუბიექტური ინტერესები არსებობდა“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა წინა ხელისუფლების სუბიექტურ ინტერესებზე.

„ასევე იყო სხვა სუბიექტური ინტერესები წინა ხელისუფლების პირობებში. მათ უნივერსიტეტები წაიღეს არაერთი 1 ლარად, მათ შორის, სააკაშვილის ოჯახის წევრმა წაიღო ერთ-ერთი უნივერსიტეტი 1 ლარად. მათ ჰქონდათ ინტერესი, რომ დაესუსტებინათ სახელმწიფო უნივერსიტეტები და ამის ხარჯზე გაეძლიერებინათ საკუთარი ბიზნესინტერესები და კერძო უნივერსიტეტები. შესაბამისად, მიზანმიმართულად ხდებოდა სახელმწიფო უნივერსიტეტების სისტემის მოშლა. რეალურად, ამ შედეგს მიაღწიეს. რაც იყო მანამდე შემორჩენილი რესურსი, ისიც კი მოშალეს ამ ე.წ. რეფორმების და ცვლილებების საფუძველზე.

ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი სისტემა. თან ყველა თანხმდება, 1 000 ადამიანი გამოვა ახლა კრიტიკული მოსაზრებებით. საუბარია პოლიტიკურ ოპონენტებზე და არა რეალურ ექსპერტებზე. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, ამაზე ხომ ყველა თანხმდება, ამას ხომ წყალი არ გაუვა, იმდენად უტყუარი ჭეშმარიტებაა. შესაბამისად, გვჭირდება სწორი გზა იმისათვის, რომ არსებითად შევცვალოთ ეს სისტემა და ჩვენ ეს გზა დავანახეთ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, გაგრძელდება საჯარო განხილვები. ეს იყო პირველი პრეზენტაცია. ჩვენ გვექნება ასევე შეხვედრები დარგის სპეციალისტებთან, რექტორებთან, სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან კონკრეტულ საკითხებზე სამსჯელოდ. გარკვეული კორექტივების შეტანა შეიძლება, თუმცა არ ვფიქრობ, რომ რაიმე არსებითად შეიძლება შეიცვალოს, თუმცა დაველოდოთ. ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისთვის და დაველოდოთ ამ დისკუსიების შედეგებს. ეს 7 გამოწვევა, რაც არის განსაზღვრული, არ მგონია, რომ ვინმემ შეძლოს ამაში ეჭვის შეტანა, იმდენად ხელის გულზე დევს ყველაფერი. ინფრასტრუქტურა პრობლემურია, კადრები პრობლემურია, ოპტიმიზაციის საკითხებში პრობლემები გვაქვს. იმდენად ხელის გულზე დევს ეს პრობლემები, შეუძლებელია რაიმე კითხვის ნიშანი დაისვას. რაც შეეხება ამოცანებს, ეს ამოცანები ზუსტად შეესატყვისება ჩვენს მიერ დადგენილ პრობლემებს. თუ ვინმე მოიტანს განსხვავებულ მოსაზრებებს, ღია ვართ დისკუსიისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები