ირაკლი კობახიძე: 3+1 სისტემა ძირითადად არ შეეხება სამედიცინოს, სხვა მიმართულებებით არსებითად შესაძლებელია დანერგვა, მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, ის დღეს არის ბაკალავრიატის აბსტრაქტული გაგრძელება, 30 ათასი ადამიანით მეტი შევა შრომით ბაზარზე ამ რეფორმის განხორციელების საფუძველზე

3+1 სისტემა ძირითადად არ შეეხება სამედიცინოს, სხვა მიმართულებებით არსებითად შესაძლებელია დანერგვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, რაც დღეს არ აქვს.

„ჩვენ შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან გვქონდა კონსულტაციები იურიდიული მიმართულებით. შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 23 საგანი გამოვიდა ძირითადი, რაც უნდა გაიაროს სტუდენტმა და ამის მიღმა რჩება შესაძლებლობა, რომ დამატებით არჩევითი 10-მდე საგანი აიღოს, რომელსაც გაივლის და ამით სპეციალიზაციას უზრუნველყოფს. რეალურად, სავსებით საკმარისია სამი წელი იმისათვის, რომ ამ საბაკალავრო, საბაზისო ცოდნას დაეუფლოს სტუდენტი. მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, რაც დღეს არ აქვს. მაგისტრატურა დღეს არის ბაკალავრიატის აბსტრაქტული გაგრძელება. კონკრეტული ამოცანები უნდა ჰქონდეს მაგისტრატურასაც, აკადემიური წერა და სხვა უნარების განვითარება. ამაზე უნდა იყოს აგებული მთლიანად ეს სისტემა. 3+1-ს აქვს ბევრი პლუსი, მათ შორის ხარჯების ეკონომია ყველა მიმართულებით, ოპტიმიზაცია, ეკონომია იქნება უზრუნველყოფილი. როდესაც 4+2-დან გადადიხარ 3+1-ზე ამით 25%-ით უზრუნველყოფ ხარჯების ეკონომიას, რესურსები სხვანაირად შეგიძლია გადაანაწილო. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც არის, დაახლოებით 30 ათასი სტუდენტი აბარებს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად. 30 ათასით მეტი დაემატება შრომით ბაზარს, რაც ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. უკვე ბევრი მიმართულება გვაქვს ჩვენ, სადაც დღეს არის კადრების დეფიციტი. ჩათვალეთ, რომ 30 ათასი ადამიანით მეტი შევა შრომით ბაზარზე ამ რეფორმის განხორციელების საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები