„ვენეციის კომისიისთვის აზრი არ გვიკითხავს, ამიტომ დეტალები შეუძლიათ, მათ მოიკითხონ, ვინც მათ აზრი ჰკითხეს,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ვენეციის კომისიის უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა და გრანტების შესახებ კანონებთან დაკავშირებით მოსაზრებაზე საუბრისას განაცხადა.
„კანონი, რომელიც ამერიკის დემოკრატიას ათწლეულებია წარმატებით იცავს, თუ ისინი გააუქმებენ, ჩვენც გავაუქმებთ. თუ არ აუქმებენ, მაშინ, ჩვენ რატომ გვთხოვენ? – განმარტებაში არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები, რის გამოც საქართველომ ეს კანონმდებლობა მიიღო. ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველომ კანონები იმიტომ მიიღო, რომ პრობლემებია. თუ ძირეული პრობლემები აღარ იქნება, რის გამოც კანონი მივიღეთ, მაშინ ამ კანონის საჭიროება არ იქნება. მანამ, სანამ არის გარედან ჩარევა, უკანონო ფულის ტრიალი, ამ კანონების საჭიროებაც იქნება. არ ვაპირებთ, რომ გაურკვეველი რეკომენდაციების გამო საქართველო გამოწვევის წინაშე დავაყენოთ“, – განაცხადა მახაშვილმა.
შეგახსენებთ, ვენეციის კომისია უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა და გრანტების შესახებ კანონებთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს.
ამ თვალსაზრისით, კომისია იხსენებს თავის ძველ რეკომენდაციას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული კანონმდებლობის არსებული დებულებები არასაკმარისია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ხელისუფლება უნდა ეცადოს მათ შეცვლას, გაუმჯობესებას და არა ახალი კანონების მიღებას.