თამარ კორძაია საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას ბოდიშს უხდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია სოფელ მოხეში მომხდარი ინციდენტის გამო საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას ბოდიშს უხდის. როგორც კორძაიამ აღნიშნა, გუშინ მედიით მისთვის ცნობილი გახდა, როგორ ამტკიცებდა ერთ-ერთი მოხუცი ქალბატონი, რომ ძალოვანმა სცემა. თუკი ეს ფაქტი დასტურდება, პოლიციელმა სათანადოდ უნდა აგოს პასუხი. კორძაია რელიგიათა სააგენტოს მიმართავს, უმოკლეს ვადაში შეისწავლოს საკითხი.
“ვთვლი, რომ რელიგიათა სააგენტომ აქტიურად უნდა იმუშაოს. მოხეს მუსლიმ მოსახლეობას აქვს პრეტენზია, რომ შენობა იყო მუსლიმური მეჩეთი და ითხოვენ მის დაბრუნებას. რელიგიათა სააგენტო შეიქმნა სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ტიპის საკითხებზე იმსჯელოს და კონფლიქტები აღმოფხვრას”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ სოფლის ცენტრში არსებული შენობის გამო დაპირისპირება მოხეში გუშინ მოხდა. შენობაში, რომელშიც ადგილობრივ მუსლიმთა მონაყოლის მიხედვით, წლების წინ მეჩეთი ფუნქციონირებდა, ახლა ბიბლიოთეკის მოწყობა იგეგმება.
ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც შენობასთან სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. მშენებლების შეჩერება მუსლიმებმა რამდენჯერმე სცადეს, რაც მალე სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები