რიკოთის მაგისტრალის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის მოდერნიზება აქტიურად მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე რიკოთის მაგისტრალური გზის ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. როგორც მინისტრმა დათვალიერების შემდეგ განაცხადა, 4-კილომეტრიან მონაკვეთზე ორი ზოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
„დღეს თავიდან ბოლომდე დავათვალიერეთ ობიექტი. არსებობს გარკვეული შენიშვნები კონტრაქტორთან ხარისხთან დაკავშირებით, რასაც ის აუცილებლად გამოასწორებს. ამასთან, რიკოთის მთელ მონაკვეთზე მიმდინარეობს ხარვეზების აღმოფხვრის სამუშაოები. ჩვენი ამოცანაა, რომ გზის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული,“ — აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
რიკოთის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის დარჩენილ 4-კილომეტრიან მონაკვეთზე აღმოსავლეთ–დასავლეთის მიმართულების ორი ზოლის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ტრანსპორტი მოძრაობს. ამჟამად მიმდინარეობს ორი ზოლის მოდერნიზება-მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც რიკოთის მაგისტრალური გზა სრულად შევა ექსპლუატაციაში.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2-ზოლიანი ჩქაროსნული გზა და აშენდება 5 ახალი ხიდი.
რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა მოიცავს 52 კმ ახალ 4-ზოლიან გზას, 51 გვირაბსა და 97 ხიდს. ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 48 კმ-იანი ახალი გზით (50 გვირაბითა და 91 ხიდით), რაც მგზავრობის მანძილს 8 კმ-ით ამცირებს და ანახევრებს გადაადგილების დროს. ახალი მაგისტრალი სრულად შეესაბამება საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს და აღჭურვილია თანამედროვე განათების სისტემით.
რიკოთის მონაკვეთი წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E60) შემადგენელ ნაწილს. ამჟამად, ავტოტრანსპორტი სარგებლობს რიკოთის ახალი მაგისტრალის 96%-ით.
პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 2.6 მილიარდ ლარს და ის ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) სესხებითა და საქართველოს ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზე.
„მალე დაიწყება ბათუმი–სარფის მაგისტრალის მშენებლობა, დასასრულს უახლოვდება გურიის მონაკვეთის მშენებლობა და მიმდინარეობს სამტრედიის მონაკვეთზე დაზიანებული სექტორის აღდგენითი სამუშაოები. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად აკონტროლებენ პროექტების ხარისხს და მეც არაერთგზის მითქვამს, რომ მუდმივად ვიქნები ობიექტებზე და აუცილებლად ყველა დეტალს ჩემ თანამშრომლებთან ერთად გავივლი,”- აღნიშნა მინისტრმა.