გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გონიო-ანაკლიის აკვატორიაში საზღვაო ექსპედიცია განახორციელა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, შავი ზღვის ეროვნული მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, გონიო-ანაკლიის აკვატორიაში საზღვაო ექსპედიცია განახორციელეს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს სპეციალისტების მიერ ზღვის წყლისა და ფსკერული გრუნტის 200-მდე ნიმუშების აღება თანამედროვე სტანდარტების, სპეციალიზებული ხელსაწყო-დანადგარების გამოყენებით განხორციელდა. აღებული სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიებში გაიგზავნა.

“მასალების ანალიზი და მონაცემთა დამუშავება განხორციელდება ეტაპობრივად, რაც მოიცავს ხანგრძლივ სამეცნიერო კვლევით პროცესს. საკვლევი აკვატორიის გარემოს მდგომარეობის შესახებ საბოლოო შედეგები, სპეციალური ანგარიშის სახით, ხელმისაწვდომი იქნება მონაცემთა სრული დამუშავებისა და შეფასების შემდეგ.

კვლევებით განისაზღვრება ზღვის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პარამეტრები, ასევე, ორგანიზმების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები.
კვლევებით შესაძლებელია ბუნებრივი და ადამიანის ჩარევით გამოწვეული ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ზღვის გარემოში მიმდინარე ეკოლოგიური ცვლილებების დროული გამოვლენა და შეფასება.

აღნიშნული კვლევები მიზნად ისახავს ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივისა (MSFD) და წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს და კონტინენტური შელფის გარემოს მდგომარეობის შეფასებას,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები