პატრიარქი: აფხაზეთი და ცხინვალი უნდა დაუბრუნდეს თავის პატრონს, საქართველოს
საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს მიაჩნია, რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს უნდა დაუბრუნდეს. ამის შესახებ უწმინდესმა საპატრიარქოში ბრძანა, როდესაც ებრაულ დელეგაციას მასპინძლობდა.
შეხვედრა ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვან მეგობრობას ეძღვნებოდა. იუბილეს ფარგლებში სტუმრად ისრაელის პარლამენტის წევრები, ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
პატრიარქის განცხადებით, დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა, რასაც საქართგველო დღესაც განიცდის.
“დროებით საქართველო ვერ აკონტროლებს აფხაზეთსა და ცხინვალს. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. აფხაზეთი და ცხინვალი უნდა დაუბრუნდეს თავის პატრონს, საქართველოს. ეს საჭიროა საქართველოსთვისაც და მათთვისაც – აფხაზებისა და ოსებისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველაზე დიდი ძალა, მატერიალური და ადამიანური ძალა, რომელიც ამაში ჩვენ დაგვეხმარება, ეს არის ისრაელი და ებრაელები”, – ბრძანა უწმინდესმა.