„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისს უცხოელ სტუმრებთან ერთად ბრისტოლის ლორდ-მერი ეწვევა

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისს უცხოელ სტუმრებთან ერთად, დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ლორდ-მერი ალისტაირ ვატსონი ეწვევა. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბრისტოლის ლორდ-მერი თბილისობის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, „თბილისობაზე“ დედაქალაქი 30-ზე მეტ უცხოელ სტუმარს უმასპინძლებს.
„თბილისობა – 2014“ საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება და ქალაქის ათივე რაიონის სხვადასხვა უბანში გაიშლება. ჩატარდება ღვინის ფესტივალი, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ქართული რეწვის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვები, ფოლკლორული ანსამბლების და თანამედროვე შემსრულებელთა კონცერტები, სპექტაკლები და სხვა.
„წელს პირველად, ჩემი ინიციატივით, შემოვიღეთ „თბილისზე მზრუნველის“ წოდება. არიან ადამიანები, რომლებსაც დედაქალაქზე გული შესტკივათ და ბევრ რამეს უსასყიდლოდ აკეთებენ. ასეთი ადამიანების შრომამ ფუჭად არ უნდა ჩაიაროს. ამიტომ, ჩვენ 10-ზე მეტ ადამიანს მივანიჭებთ „თბილისზე მზრუნველის“ წოდებას. ტრადიციულად, გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, თბილისობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია სატელევიზიო რგოლების მეშვეობით მიეწოდება. დედაქალაქის მერმა თბილისელებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ „თბილისობა 2014“-ში.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, კვიპროსში მიწის ნაკვეთი გადაეცა. როგორც პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საქართველოს საპატრიარქოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამონასტრო კომპლექსი აშენდება, რაც ქართველ სასულიერო პირებს საშუალებს მისცემს, კვიპროსში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლებისთვის საეკლესიო ღვთისმსახურება შეასრულონ. მამა გიორგი ზვიადაძემ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კვიპროსში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ვიზიტი კვიპროსის მთავარეპისკოპოსის, მისი უნეტარესობა ქრიზოსტომოს მეორის ოფიციალური მიწვევით გაიმართა. პროტოპრესვიტერის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, ღალიაში მისულიყვნენ, სადაც მეათე საუკუნიდან ქართული სამონასტრო კომპლექსი არსებობდა და, სადაც ახლა მხოლოდ ნანგრევებია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იქ სამადლობელი პარაკლისი და პანაშვიდი გადაიხადა. “კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა, რომელსაც აქვს უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, საქართველოს პატრიარქის მიმართ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოსცა მიწის ნაკვეთი, რომელიც ღალიაში მდებარეობს. იქ უნდა აშენდეს სამონასტრო კომპლექსი, რათა ქართულად შესრულდეს წირვა-ლოცვა”, – აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ. მისივე ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრა გაიმართა კვიპროსის მთავარეპისკოპოსის რეზიდენციაში, სადაც 2016 წლის საეკლესიო კრების მომზადების საკითხზეც იყო საუბარი. მამა გიორგი ზვიადაძის თქმით, პატრიარქის პოზიცია იყო, რომ ეს კრება უნდა გახდეს მართლმადიდებელთა ერთობისა და თანხმობის ნიმუში და მართლმადიდებელი ეკლესიები ამ კრებაზე შეთანხმებული აზრით მივიდნენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კვიპროსიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები