პაატა მანჯგალაძე: არანაირი ორგანიზებული ჯგუფი არ ვიყავით, სურათის გადაღების გარდა არაფერი გვაკავშირებდა

„არანაირი ორგანიზებული ჯგუფი არ ვიყავით, სურათის გადაღების გარდა არაფერი გვაკავშირებდა,“- ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

„პირველ რიგში, ბოდიში და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში მიდგას, მაგრამ რასაც გვედავებიან, არც ერთ ნაწილში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. მე ვარ კონსტიტუციონალისტი და ძალიან კარგად ვიცი, როდის როგორ ვმოქმედებდი. „ძალაუფლება არის უზურპირებული და აუცილებელია მშვიდობიანი ცვლილება“ – ამის იქით არც ერთი სიტყვა არ მითქვამს არასდროს და ახლაც იმავეს ვამბობ. ჩვენ გარდა მშვიდობიანი ცვლილებისა, სხვა მიზანი არ გვქონია. მე ვიყავი ამ ხალხთან ერთად და ვმოქმედებდი მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და იმის იქით არაფერი გამიკეთებია. არანაირი თანამდებობისთვის, არანაირი ძალაუფლებისთვის არც ერთი ადამიანი იქ არ ყოფილა გამოსული. სამშობლოს და თავისუფლების სიყვარულმა გამოიყვანა ხალხი და კიდევ გამოვა თუ ეს უსამართლობა გაგრძელდა.

ჩვენი მოტივაცია არ არის ვინმეს განადგურება, მოტივაცია არის რომ ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, ვისაც ეკუთვნის. იმ აქციაზე იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში მოითხოვდნენ ცვლილებას. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მე მხარს ვუჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს, ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეიჭრნენ, მათ ჯებირები დააზიანეს და ეზოში შეღწევა შეძლეს, თუმცა, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ეზო მალევე დაატოვებინეს.

სასახლესთან განვითარებული მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს. მათ აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს მსჯელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები