ოთხ სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინები გადაეცა
მე-5 ქვეითი ბრიგადის ოთხ სამხედრო მოსამსახურეს დროებით სარგებლობაში საცხოვრებელი ბინები გადაეცა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გორში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ჩავიდა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ადგილზე მისულ სამხედროებს და მათი ოჯახის წევრებს ბინების გასაღებები პირადად გადასცა.
გენერალ-მაიორმა ახალი საცხოვრებელი ფართები დაათვალიერა და მათ ახალ მესაკუთრეებს ბინების მიღება მიულოცა.
„ეს სასიხარულო დღეა თითოეული ამ ოჯახისთვის, ესენი არიან ის სამხედროები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს და შეაქვთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობაში. ეს არის ის მცირედი, რითაც ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ და გვერდში დავუდგეთ“,- განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
სამხედროებმა დროებით საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა ქალაქ გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მიიღეს. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ ის ოფიცრები, რომელებიც მე-5 ქვეით ბრიგადაში მსახურობენ. მათ ახლად გარემონტებული ბინები დროებით სარგებლობაში სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე გადაეცათ.