პრეზიდენტი კიოტოში კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში ქალაქ კიოტოში კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობენ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართულ დელეგაციასთან ერთად მათ საიმპერატორო ბაღი „სენტო გოსიო“, ტაძრები: „კინკაკუ ჯი“ და „რუან ჯი“ დაათვალიერეს.
ქვეყნის პირველ პირს მეგზურობას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ცინცაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი და მისი მეუღლე ჰარუე კაიტანი უწევდნენ.
ქვეყნის პირველი პირი „ჯიდაი მაცურის“ ფესტივალს დაესწრო, რომელიც საიმპერატორო სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველწლიურად 22 ოქტომბერს იმართება. ფესტივალი სათავეს 1895 წლიდან იღებს და მასში 2000 – მდე ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ადამიანი მონაწილეობს.
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა კიოტოში რამდენიმე კულტურულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ქართულ დელეგაციასთან ერთად ტოკიოდან ქალაქ კიოტოში „შინკანსენის“ ჩქაროსნული მატარებლით ჩავიდნენ. რკინიგზის სადგურში საქართველოს პრეზიდენტს და პირველ ლედის კიოტოს ვიცე გუბერნატორი, ქალაქის მერი და ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გოგონა დახვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები