ვილი სანიოლი: ძალიან რთული თამაში გველის, განსაკუთრებით ესპანეთის წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდია

“ძალიან რთული თამაში გველის. განსაკუთრებით ესპანეთის წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდია”,- ამის შესახებ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ განაცხდა.

მისივე თქმით, გუნდი შანსების მაქსიმალურად გამოყენებას ეცდება.

,,პირველი მატჩის შემდეგ, უფრო მეტის თქმა შეგვეძლება თურქეთთან თამაშზე. თუმცა, ჩვენთვის არაფერი იცვლება. მთავარი მიზანია გავხდეთ უფრო უკეთესები, უფრო ძლიერები და გავაგრძელოთ განვითარება. ამავდროულად, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და შედეგები მნიშვნელოვანია. ასე რომ, მოახლოებულ მატჩებში შევეცდებით ქულების აღებას და ჩვენი შანსების მაქსიმალურად გამოყენებას. ასეთი დონის მატჩები კარგი საზომია, რომ გავიგოთ რა დონეზე ვართ ასეთ ძლიერ გუნდებთან შედარებით და სად არის ამჟამად საქართველოს ადგილი ევროპულ ფეხბურთში.

გიორგი მიქაუტაძისთვის და ნებისმიერი შემტევისთვის მნიშვნელოვანია გოლების გატანა, რადგან ეს მეტ თავდაჯერებას სძენს მათ. თუმცა, ფეხბურთი მხოლოდ შეტევა არ არის, არანაკლებ მნიშვნელოვანია დაცვა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, დაცვაში გარკვეული ხარვეზები გვაქვს, მიმდინარეობს თაობათა ცვლა და ჩემი მიზანი კარგი ბალანსის პოვნაა. თუმცა, საქმე გვიადვილდება, როდესაც გუნდში ბევრი თავდაჯერებული ფეხბურთელი გვყავს.

ოთარ კიტეიშვილი განსაკუთრებული მოთამაშეა. მას ბევრ პოზიციაზე შეუძლია თანაბრად მაღალ დონეზე თამაში. შესანიშნავი გავლენა აქვს სხვა მოთამაშეებზე. ბედნიერი ვარ მისი დაბრუნებით. ტრავმა აღარ აწუხებს, ხოლო ევროპა ლიგაზე გატანილი გოლი მეტ თავდაჯერებას და პოზიტიურ ემოციებს მისცემს მძიმე დღეების შემდეგ. ბედნიერი ვარ, რომ გუნდთან ერთად იქნება, რადგან გაცილებით მშვიდად მძინავს, როდესაც ის აქ არის

გიორგი ჩაკვეტაძეს რთული პერიოდი აქვს. ვუსურვებ, რომ მალე დაუბრუნდეს მოედანს. ის გვაკლია, რადგან მნიშვენლოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. სამწუხაროდ, ხანგრძლივი ტრავმები ფეხბურთის ნაწილია და დასაბრუნებლად ბევრი უნდა იშრომო. დარწმუნებული ვარ, მისი მენტალური მდგომარეობა პოზიტიურია და ყველაფერს აკეთებს მოედანზე დასაბრუნებლად”,- განაცხადა სანიოლიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას 6 ოქტომბერს დაიწყებს. 11 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს – თურქეთს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები