ლონდონის დიდი სმოგი: ოთხდღიანი ტრაგედია, რომელმაც მსოფლიო გარემოს დაცვაზე სერიოზულად დააფიქრა
1952 წლის დეკემბერში ლონდონი ოთხი დღის განმავლობაში სქელი, შავი სმოგის ქვეშ მოექცა, რამაც ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება თითქმის მთლიანად პარალიზებული გახადა. მოვლენა, რომელიც ისტორიაში „დიდი სმოგის“ სახელით შევიდა, ათასობით ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდა და მკაფიო გაკვეთილად იქცა იმაზე, თუ რამდენად დაუცველია ქალაქი გარემოსდაცვითი საფრთხეების წინაშე.
სმოგის წარმოქმნას რამდენიმე ფაქტორის დამთხვევა განაპირობებდა. ზამთრის ცივ დღეებში ფართოდ გამოიყენებოდა ნახშირის გამათბობლები და ინდუსტრიული ღუმელები, რაც ჰაერში ტოქსიკური ნაწილაკებისა და გოგირდის დიოქსიდის უზარმაზარ რაოდენობას უშვებდა. ამას დაერთო არახელსაყრელი ატმოსფერული ინვერსია: დაბალი ტემპერატურა და ქარის სრული ნაკლებობა ამ გამონაბოლქვს ქალაქის თავზე აკავებდა. მალე მთელი ლონდონი ტოქსიკურ ბურუსში მოექცა. ხილვადობა ქუჩებში თითქმის ნულამდე დავიდა (ზოგან ერთ მეტრზე ნაკლები იყო).
პარალიზებულ ლონდონში ყოფნა ნამდვილ გამოცდად იქცა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განსაკუთრებით კი, ავტობუსები, გაჩერდა, რადგან მძღოლები გზას ვერ ხედავდნენ. მაღაზიები, ბაზრები და სკოლები დაიხურა, ხოლო სმოგის მძაფრი სუნი ყველა შენობაში აღწევდა. ქუჩაში გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლებოდა. ხშირად ადამიანებს უწევდათ ნელა, ფეხით მიჰყოლოდნენ შენობების კედლებს, რათა არ დაკარგულიყვნენ.
სმოგის შედეგები კატასტროფული იყო. ოფიციალური მონაცემებით, პირველ კვირას გარდაიცვალა, დაახლოებით 4,000 ადამიანი, თუმცა თანამედროვე შეფასებებით, სმოგით გამოწვეული დაავადებების გამო, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა შესაძლოა, 10,000–დან 12,000-მდე ყოფილიყო. მკვეთრად გაიზარდა რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევები. კატასტროფამ ზიანი მიაყენა ცხოველებსაც.
ბრიტანეთის ხელისუფლება სწრაფად გამოეხმაურა კატასტროფას და 1956 წელს მიიღო „სუფთა ჰაერის აქტი“. ამ კანონმა აკრძალა ნახშირის წვა საცხოვრებელ სახლებში ქალაქის სპეციალურად გამოყოფილ „სუფთა ჰაერის ზონებში“ და დააწესა მკაცრი რეგულაციები ინდუსტრიული გამონაბოლქვის კონტროლისთვის. ეს აქტი გახდა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჰაერის ხარისხის დაცვის მიმართულებით და კარგი მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის.
1952 წლის სმოგი დღემდე ახსოვთ არა მხოლოდ ტრაგედიის გამო, არამედ იმის გამოც, რომ ეს იყო გარდამტეხი მომენტი, როდესაც ადამიანებმა სოლიდარობა გამოიჩინეს, გაიაზრეს გარემოსდაცვითი რისკები და დააჩქარეს ცვლილებები, რომლებმაც ლონდონი მსგავსი კატასტროფებისგან დაიცვა.