ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: თუ ბაჩიაშვილს არ აღმოაჩნდება მოთხოვნილი ბიტკოინები, მაშინ გადასახდელად დაეკისრება ბიტკოინების ღირებულება – აღსრულება მიეცემა ქონებებს, რაც მითითებულია სასამართლო გადაწყვეტილებებში

“მეორე სასარჩელო მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ თუკი ბატონ ბაჩიაშვილს არ აღმოაჩნდება ის მოთხოვნილი ბიტკოინები, მაშინ მას დაეკისრება გადასახდელად ამ ბიტკოინების ღირებულება”, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემურ წიქვაძემ განაცხადა.

როგორც წიქვაძემ განმარტა, დღეს განიხილებოდა სააპელაციო საჩივარი.

“მაგრამ მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ განხილვა საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სასარჩელო მოთხოვნების. ეს ნიშნავს, რომ ასეთი სასარჩელო მოთხოვნები განიხილება გამარტივებული წესით, ვინაიდან ამ სასამართლო განხილვებს სამოქალაქო წესით წინ უსწრებს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბატონმა გიორგი ბაჩიაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 9 ათას ბიტკოინამდე.

რაც შეეხება აღსრულებას, ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ, ჯერ კიდევ გასავლელი არის უზენაესი სასამართლოს ეტაპი, ანუ ბატონ ბაჩიაშვილს შეუძლია, რომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თუმცა ისიც მინდა განგიმარტოთ, რომ ვინაიდან ჩვენ მოვითხოვეთ დაუყოვნებლივი აღსრულება, გვაქვს უკვე სააღსრულებო ფურცელი აღებული ამ საქმეზე და შეგვიძლია მივმართოთ სააღსრულებო წარმოების დაწყების პროცედურებზე, ვინაიდან დაუყოვნებლივი აღსრულება დაგვიკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ, თუმცა დღეს ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება.

მეორე სასარჩელო მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ თუკი ბატონ ბაჩიაშვილს არ აღმოაჩნდება ის მოთხოვნილი ბიტკოინები, მაშინ მას დაეკისრება გადასახდელად ამ ბიტკოინების ღირებულება გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისთვის. აღსრულება მიეცემა იმ ქონებებს, რომელიც უკვე მითითებულია სასამართლო გადაწყვეტილებებში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები