შუა თითის ჟესტის ისტორია — ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე

დღეს შუა თითის ჩვენება ყველასთვის ცნობილია, როგორც უხამსი და შეურაცხმყოფელი ჟესტი, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მის უკან 2 500-წლიანი ისტორია დგას, რომელიც ანტიკური საბერძნეთიდან იწყება და თანამედროვე ქუჩის კულტურამდე მოდის.

ამ ჟესტის ფესვები ძველ საბერძნეთშია. ბერძნებისთვის შუა თითის გამოშვერა პირდაპირი სექსუალური მინიშნება იყო. გაშლილი თითი მამაკაცის ფალოსს განასახიერებდა, ხოლო გვერდით ჩაკეცილი თითები — სათესლე ჯირკვლებს. ეს ჟესტი, რომელსაც ისინი „კატაპიგონს“ უწოდებდნენ, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი სიმბოლო გახლდათ. სწორედ ასე გამოხატავდა ადამიანი თავის აგრესიას ან ირონიას მოწინააღმდეგის მიმართ.

ბერძნებისგან ეს ჟესტი რომაელებმა გადაიღეს. მათ მას „digitus impudicus“ — „უსირცხვილო თითი“ შეარქვეს. რომაული ტექსტებიც ადასტურებს, რომ ამ თითის ჩვენება საზოგადოებაში უხამსობად ითვლებოდა და ადამიანის შეურაცხყოფის პირდაპირი ფორმა იყო.

ანტიკურობის შემდეგ ჟესტი, თითქოს, გაქრა. შუა საუკუნეების ევროპაში მას იშვიათად თუ შეხვდებოდით. ქრისტიანული მორალი ასეთი სიმბოლოების საჯაროდ გამოყენებას მკაცრად კრძალავდა, თუმცა, სავარაუდოდ, გარკვეულ გარემოში ჟესტი მაინც არსებობდა, უბრალოდ, წერილობით წყაროებში აღარ იკვეთება.

XV საუკუნეს უკავშირდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, თუმცა დაუდასტურებელი ისტორია. არსებობს ლეგენდა, თითქოს, 1415 წლის აზენკურის ბრძოლაში ინგლისელმა მშვილდოსნებმა ფრანგებს შუა თითი უჩვენეს, რათა დაენახებინათ, რომ ჯერ კიდევ შეეძლოთ მშვილდის გაჭიმვა. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ მანამდე ფრანგებმა ტყვედ ჩავარდნილ ინგლისელებს შუა თითები მოაჭრეს, რათა მშვილდი ვეღარ გაეჭიმათ. აღნიშნული მითი მრავალი საუკუნის შემდეგ გაჩნდა და დღეს ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ იგი მხოლოდ მითია და არა დადასტურებული ფაქტი.

ჟესტს „მეორე სიცოცხლე“ XIX საუკუნის ამერიკაში აჩუქეს. ერთ-ერთი უძველესი და სრულიად სანდო დოკუმენტური მტკიცებულება არის 1886 წლის ფოტო, სადაც ჩიკაგოს „White Stockings“-ის ბეისბოლის მოთამაშე კამერას შუა თითს უშვერს. სწორედ სპორტიდან შემოვიდა ჟესტი ამერიკულ ყოველდღიურობაში და შემდეგ სწრაფად გავრცელდა.

XX საუკუნის მეორე ნახევარში შუა თითი უკვე მსოფლიო პოპულარულ კულტურაში დამკვიდრდა. ის იქცა როკ-ენ-როლის, ჰოლივუდის, ქუჩის პროტესტისა და ახალგაზრდული ამბოხის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ, მაგრამ ხმამაღალ სიმბოლოდ.

დღეს შუა თითის ჩვენება, თითქმის, ყველგან შეურაცხყოფად მიიჩნევა, თუმცა მის ინტენსივობას კულტურული კონტექსტი განსაზღვრავს. ზოგ ქვეყანაში ეს უხამსი ხუმრობაა, სხვაგან კი, ისეთივე სერიოზული, როგორც სიტყვიერი ლანძღვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები