ოჯახური ძალადობის საკითხებზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს

სახელმწიფო ადმინისტრაციაში ძალადობის პრობლემატიკაზე, მათ შორის ოჯახური ძალადობის თემაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები არ არის ახალი არც ერთი ქვეყნისთვის, მათ შორის არც საქართველოსთვის და მის წინააღმდეგ ბრძოლა მრავალი უწყების ვალდებულებაა.
“ჯანდაცვის სამინისტროში წლებია არსებობს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა, ასევე ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სპეციალური დეპარტამენტი. ჩვენი მთელი ეს პერიოდი მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დღევანდელი შეხვედრის მთავარი ამოცანაა, რომ ის საქმიანობა, რასაც ახორციელებდნენ სახელმწიფო უწყებები, იყოს კოორდინირებული პრემიერის მიერ. რაც, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია და ბევრად მეტ შესაძლებობებს მოგვცემს, რომ უფრო ეფექტურად ვმართოთ ეს საკითხი”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრმა კომენტარი სახალხო დამცველის იმ განცხადებაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც სოციალური მუშაკები ვერ მუშაობენ ამ მიმართულებით ოჯახებში. სერგეენკოს თქმით, სოციალური მუშაკების შრომის ეფექტურობაზე მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ის მადლობელია სახალხო დამცველის ასეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ამაზე აქამდეც მიდიოდა მუშაობა და მომავალშიც გაგრძელდება.
“ოჯახში ძალადობის საკითხი კომპლექსურია, ეს არ რეგულირდება მხოლოდ რეგულაციებით და საკანონმდებლო ცვლილებებით, ის მოითხოვს, როგორც მთავრობის, ასევე საზოგადოების ფართო ჩართულობას ამ საკითხში”, – აღნიშნა სერგეენკომ.
ძალადობის პრობლემატიკაზე, მათ შორის ოჯახური ძალადობის თემაზე სამუშაო ჯგუფი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიქმნება. სამუშაო ჯგუფი მთავრობის მეთაურის დაქვემდებარებაში იქნება.
ჯგუფის წევრები არიან იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის, სასჯელაღსრულების, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები