საჯარო სკოლების დირექტორების ნაწილი მიმართვას ავრცელებს
საჯარო სკოლების დირექტორების ნაწილი დირექტორთა არჩევნების წესთან და შედეგებთან დაკავშირებულ უარყოფით შეფასებებს არ იზიარებს. დირექტორებს მიაჩნიათ, რომ გამოთქმული შეფასებები შეურაცხყოფს და ღირსებას ულახავს როგორც სკოლის უკვე შერჩეულ დირექტორებს, ასევე ამ პროცესში ჩართულ კეთილსინდისიერ ადამიანებს.
“უკვე რამდენჯერმე ითქვა, რომ სკოლის დირექტორად კანდიდატები შეირჩნენ არა მათი კომპეტენციის, ან გამოცდილების მიხედვით, არამედ განათლების მინისტრთან ან სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ახლობლობის ნიშნით. ვფიქრობთ, პროფესიული ნიშნით შერჩეული დირექტორების სახელის დაკავშირება ნეპოტიზმთან მშობლებისა და მასწავლებლების თვალში ჩრდილს აყენებს სისტემაში დასაქმებულ არაერთ პატიოსან ადამიანსა და პროფესიონალს”, – აღნიშნა რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორმა მამუკა ხამხაძემ, რომელმაც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დირექტორების საზოგადოებისადმი მიმართვა წაიკითხა.
სკოლის დირექტორების არჩევნები თბილისში 5 სექტემბერს ჩატარდა.