თამარ ჩერგოლეიშვილი: მე არ ვიცი, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა, ეს არის რაღაც სისულელეების ბჟუტური

მიმაჩნია, რომ ჩვენ ჩვენს თავს არ უნდა დავუწესოთ არანაირი დედლაინი, – ასე უპასუხა პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, სად იქნება 4 ოქტომბერს პარტია „ფედერალისტები“.

„მნიშვნელობა არ აქვს, ეს 4 ოქტომბერს მოხდება თუ არ მოხდება, შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ, გამარჯვების გარდა, ალტერნატივა არ გვაქვს. ჩვენი ისტორიული მისიის შესრულების გარდა, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ჩვენს ბუნებრივ წიაღში, ევროპაში, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ამიტომ ჩვენ წამმზომს ვურთავთ ბიძინა ივანიშვილს და არა საკუთარ თავებს. იმიტომ, რომ 4-ში იქნება ეს გამარჯვება, 7-ში, 27-ში თუ 31-ში, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. ამიტომ არასწორია ნებისმიერი თარიღის დაწესება და ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტული მანქანებისთვის იმ შესაძლებლობის მიცემა, რომ რაღაც მარცხად გაგვიფორმოს მაშინ, როდესაც თავად რეჟიმი მარცხდება, რადგან ვხედავთ რეჟიმის შიგნით ყოველდღე სისტემური დანაშაულების შესახებ და ამ დაჭერებს, რაც მიმდინარეობს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა, თამარ ჩერგოლეიშვილმა უპასუხა, რომ არ იცის, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა.

„მე არ ვიცი, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა, საერთოდ. ეს არის რაღაც სისულელეების ბჟუტური და რეალურად, სააკაშვილის პარტიის სურვილი, გააბაიბუროს ყველაფერი. პაატა ბურჭულაძე ვინ არის? პაატა ბურჭულაძეს სააკაშვილის პარტია მხარს რომ არ უჭერდეს, ასე ცარიელ ადგილას ვინ იქნებოდა პაატა ბურჭულაძე? მილიონია ეგეთი, ვისაც რაღაცის ლიდერობა უნდა და რომელიმე პარტიამ თუ არ დაუჭირა მხარი, ასე როგორ უნდა იყოს და რანაირად? „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდან ბოლომდე უჭერს მას მხარს, იმ ყველაფერს, რასაც პაატა ბურჭულაძე აანონსებს და პირდაპირ ამბობს პაატა ბურჭულაძე, რომ დილით რაღაცას დაიწყებს და საღამოს დაამთავრებს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები