თორნიკე ჭეიშვილი – ზელენსკის განცხადებაზე: ეს არის აბსურდი, მარიონეტის მიერ გაკეთებული თავხედური განცხადება, რომელიც არ დაუმსახურებია არც საქართველოს ხელისუფლებას, არც ჩვენს სახელმწიფოს, არც ქართველ ერს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან გაეროს ტრიბუნაზე გააკეთა და თქვა, რომ „ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო, სადაც სუსტდება ევროპული ბუნება და ადამიანის უფლებები“.
თორნიკე ჭეიშვილმა აღნიშნულ განცხადებას აბსურდი უწოდა.
„ეს არის, პირველ ყოვლისა, აბსურდი. ეს არის, პირდაპირ რომ ვთქვათ, მარიონეტის მიერ გაკეთებული თავხედური განცხადება, რომელიც არამცდაარამც არ დაუმსახურებია არც საქართველოს ხელისუფლებას, არც ჩვენს სახელმწიფოს, არც ქართველ ერს, იმ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რომელიც ომის დაწყების დღიდან, ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი საზოგადოების მხრიდან ფიქსირდებოდა უკრაინელი ხალხისადმი. ჩვენ თუ თვალს გადავავლებთ წარსულს და თუნდაც გავიხსენებთ წინა არჩევნებს, მაგალითად, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს მათ შორის, უკრაინული სპეცსამსახურების კვალი, როდესაც საქმე ეხებოდა, მე ამას ვუწოდებ სპეცოპერაციას, მაშინ მიხეილ სააკაშვილის არაჟნების კასრებში შემოპარების კუთხით. მეორე მხრივ, ჩვენ თუ გავიხსენებთ არცთუ ისე შორეულ წარსულში გამოვლენილ ერთ-ერთ დანაშაულს, ეს შეეხება ასაფეთქებელი ნივთიერების, ჰექსოგენის შემოტანას საქართველოში და აქვე ისმის ძალიან ლოგიკური კითხვა, რომ როცა თავს უფლებას აძლევს ზელენსკი და გამოდის გაეროს მაღალი ტრიბუნიდან, დროს უთმობს საქართველოს და საუბრობს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე თუ ა.შ. ბუნებრივად მოდის ეს კითხვა, ჰექსოგენით აპირებდა ის საქართველოში ადამიანის უფლებების „მდგომარეობის გამოსწორებას?“ – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.