“ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ერს, ჩვენს შთამომავლობას გადაშენება არ ემუქრება, ვიდრე მის მარნებში ღვინო დაიწურება” – პაპუაშვილი
“ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ერს, ჩვენს შთამომავლობას გადაშენება არ ემუქრება, ვიდრე მის მარნებში ღვინო დაიწურება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მეღვინეობა “ვაინ ერას” გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, “როგორც ღვინო, ჩვენი სახელმწიფოებრიობაც უნდა დადუღდეს, ლექი დაიწმინდოს, რჩეული სითხე გადმოდინდეს და დაღვინდეს”.
“ქვეყნის წინსვლა ისე ხელშესახებად არსად ჩანს, როგორც ახალ ეკონომიკურ გამარჯვებებში და მიღწევებში, რომელსაც ყველაზე კარგად გრძნობს და აფასებს ჩვენი ხალხი. საქართველოს პარლამენტის სახელით მინდა აღგითქვათ გვერდში დგომა ქვეყნისთვის სასიკეთო ყველა წამოწყებაში. ჩვენ ყველამ ერთად, სხვადასხვა ფრონტზე, სხვადასხვა გზებით უნდა შევძლოთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩემთვის, როგორც ამ კუთხის შვილისთვის, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოში ღვინის წარმოება დღითი დღე უფრო მასშტაბური, პოპულარული და პრესტიჟული ხდება.
ღვინო გვასწავლის ცხოვრებას, ღვინო გვასწავლის შრომას და ღვინო გვასწავლის გამარჯვებას. მის დაყენებას სხვა გული, სხვა სიმშვიდე და სხვა მოთმინება სჭირდება. ღვინოა ჩვენი ზედაშე, ღვინოა ჩვენი ზიარება, ღვინოა ჩვენი სადღეგრძელო, წინაპრების დიდება და შთამომავლობის ლოცვა-კურთხევა. სიხარული, ხვავი, ბარაქა და გახარება ნუ მოგიშალოთ ღმერთმა!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.