პრემიერი – საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა დაკავშირებადობის კუთხით თავისი ადგილმდებარეობიდან და გეოგრაფიული პოტენციალიდან გამომდინარე და როცა ასეთი ქვეყნის მინისტრს არ იწვევ მინისტერიალზე, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა დაკავშირებადობის კუთხით თავისი ადგილმდებარეობიდან და გეოგრაფიული პოტენციალიდან გამომდინარე და როცა ასეთი ქვეყნის მინისტრს არ იწვევ მინისტერიალზე, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალზე საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპა მაქსიმალურად უნდა იყოს დაინტერესებული ახალი ეკონომიკური კავშირების დამყარებით იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 17.5 %-მდეა ჩამოსული.

„ეს არის საბჭოური მიდგომა, როდესაც არ უნდათ ლაპარაკი და კომუნიკაცია. რაც შეეხება ევროპას და დაკავშირებადობის საკითხს, ევროპა მაქსიმალურად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გაჭრას ახალი ხაზები ეკონომიკური თვალსაზრისით, თუ ობიექტურ ინტერესებზეა საუბარი. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა, სწორედ, დაკავშირებადობის კუთხით, თავისი ადგილმდებარეობიდან და გეოგრაფიული პოტენციალიდან გამომდინარე და როდესაც ასეთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს არ იწვევ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად. ამის შედეგი არის ის, რომ ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30 % და ჩამოსულია 17.5 %-მდე. ეს პროცესი გრძელდება, გრძელდება დეინდუსტრიალიზაცია, საწარმოები გადიან ევროპიდან, გერმანიაში მეორე კვარტალშიც დაფიქსირდა ეკონომიკური ვარდნა და ასეთ ფონზე ხელოვნურად, დამატებით ცდილობენ, რომ ევროპას ჩაუჭრან ეკონომიკური კავშირები. ეს აზიანებს ევროპის ინტერესებს,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები