დავით მათიკაშვილი: საქართველო არის მზად ახალი ფურცლიდან, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების პირობებით, შეერთებულ შტატებთან ჭეშმარიტი სტრატეგიული ურთიერთობა ააწყოს
საქართველო არის მზად ახალი ფურცლიდან, გზამკვლევით, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების პირობებით და ა.შ. შეერთებულ შტატებთან ნამდვილი, ჭეშმარიტი სტრატეგიული ურთიერთობა ააწყოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, წესიერი საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების წარმართვის ნიადაგზე იქონიოს ძალიან კარგი და პარტნიორული ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან.
„გაეროს გენერალური ასამბლეა ცოტა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. აქ შეგვიძლია ცალსახად ერთი რაღაც ვთქვათ, ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტურად გულწრფელად, ღიად, საჯაროდ დაფიქსირებული პოზიცია თავიდან ბოლომდე, არაფერი ზურგს უკან, ქვედინებით ჩვენთან არ იმალება. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი ის წერილები, რომელიც პრემიერის სახელით, შემდგომ პრეზიდენტის სახელით იქნა გაკეთებული. ისევ და ისევ არ დამეზარება და ვიტყვი, რომ თანხვედრა იდეოლოგიურ-პოლიტიკურ ხედვაში, რაც გააჩნია ტრამპის ადმინისტრაციას და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, მიდგომები ქვეყნის პატრიოტიზმთან, გამჭვირვალობასთან, ოჯახურ ღირებულებებთან და ა.შ. ასევე, ის ინტერესი, რომელიც ბუნებრივია, მუდმივი ინტერესი როგორც ზესახელმწიფოსი, რასაც შეერთებული შტატები მუდმივად განიცდის რეგიონალური მასშტაბით და ბუნებრივია, მას აქვს თავისი ინტერესი სამხრეთ კავკასიაში, მით უმეტეს, იმ სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, რომელიც სრულიად უსამართლოდ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით, უკვე გადარჩეული პრეზიდენტის პირობებში მოხდა მისი გაუქმება და რაზეც ნორმალური, დასაბუთებულ პასუხი არავის არ აქვს, ამ ყველაფრის ფონზე, საქართველო არის მზად ახალი ფურცლიდან, გზამკვლევით, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების პირობებით და ა.შ. შეერთებულ შტატებთან ნამდვილი, ჭეშმარიტი სტრატეგიული ურთიერთობა ააწყოს. ახლა უკვე ეს ყველაფერი არის დიდი სახელმწიფოს, ამერიკის მხარეს ბურთი და ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ბევრის გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენ ვართ მზად, საერთაშორისო პოლიტიკის წესიერად წარმართვის პირობებში ვიქონიოთ ძალიან კარგი და პარტნიორული ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.