“დამხობა თავის თავში მოიცავს ძალადობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი დემონსტრაცია, რომელიც შეუძლიათ, ჩაატარონ ნებისმიერ დღეს” – შარმანაშვილი
“დამხობა თავის თავში მოიცავს ძალადობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი დემონსტრაცია, რომელიც შეუძლიათ, თავისუფლად ჩაატარონ ნებისმიერ დღეს, ნებისმიერი რაოდენობის მოქალაქეებმა”, – ამის შესახებ, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ვერანაირი ლამაზი სიტყვა და შელამაზება ძალადობას ვერ გააკეთილშობილებს.
„ისინი ამბობენ, რომ ეს ერთხელ უკვე გააკეთეს ვარდების რევოლუციის დროს. მათ ჰგონიათ, რომ ვარდების რევოლუცია კანონდარღვევის გარეშე მოხდა. პარლამენტში რომ შემოიჭრა ამდენი ხალხი, ეს დანაშაული არ იყო? პოლიციას რომ წინააღმდეგობა გაუწიეს, კორდონები რომ გაარღვიეს, ფანჯრები ჩაამტვრიეს და პარლამენტში შემოვიდნენ ძალადობა არ იყო? ძალადობის გარეშე ეს არ ხდება. ვერანაირი ლამაზი სიტყვა და შელამაზება ამას ვერ გააკეთილშობილებს“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.