კახა კალაძემ ერევნის მერთან შეხვედრა გამართა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ერევნის მერს ტიგრან ავინიანს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

„სომეხ და ქართველ მოქალაქეებს კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გავაღრმავოთ და უფრო საინტერესო გავხადოთ. ვსარგებლობ შემთხვევით და გილოცავთ სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს. ამ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის ტელეანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა. ერევანში როდესაც ჩავდივარ, ყოველთვის ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქალაქებს შორის მომავალშიც გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა და შევძლებთ მრავალი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

ერევნის მერის თქმით, თბილისის მსგავსად ერევანიც დიდ მნიშვნელობას უთმობს სატრანსპორტო რეფორმის განხორციელებას.

„როგორც თბილისი, ისე ერევანი სწრაფად ვითარდება. ჩვენ ვიცით რამხელა ყურადღებას უთმობთ სატრანსპორტო რეფორმებს. ვიცი, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თბილისის მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კარგი იქნება გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, სიამოვნებით განვახორციელებთ თბილისთან მეტ კულტურულ ღონისძიებებს“, – განაცხადა ტიგრან ავინიანმა.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები