სირიაში 5 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
სირიის ახალმა ხელისუფლებამ, ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ, პირველი საპარლამენტო არჩევნები 5 ოქტომბერს დანიშნა,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მედიის ცნობით, პარლამენტის 210 წევრიდან 140-ის ასარჩევად ხმის მიცემა ქვეყნის „ყველა საარჩევნო ოლქში“ ჩატარდება, ხოლო პრეზიდენტი ალ-შარაა პარლამენტის კიდევ 70 წევრს თავად დანიშნავს.
„როიტერის“ ცნობით, სირიის ახალი პარლამენტი ქვეყანაში უფრო ფართო დემოკრატიულ პროცესს საფუძველს ჩაუყრის, რადგან კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ამჟამინდელი სისტემა უმცირესობების საკმარის მონაწილეობას არ იძლევა. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში პარლამენტი სირიის ახალი კანონმდებლობის შემუშავებასა და მუდმივი კონსტიტუციის შექმნაზე იქნება პასუხისმგებელი.
მიმდინარე წლის მარტში, ალ-შარაამ ხელი მოაწერა საკონსტიტუციო დეკლარაციას, რომლის მიხედვით პარლამენტის უფლებამოსილება სამი წლით განისაზღვრა. პარლამენტს ექნება ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის ან მისი შეზღუდვის უფლება, მაგრამ საწყის ეტაპზე უმაღლესი ხელისუფლება პრეზიდენტის ხელში იქნება.
შეგახსენებთ, ბაშარ ალ-ასადი სირიის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა და ქვეყნიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც შეიარაღებული ოპოზიციური ძალები დამასკოში 2024 წლის 8 დეკემბერს, 14-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ შევიდნენ.