„მთავარია, ქალებმაც გაიაზრონ, რომ ისინი ოჯახში უმცროსი პარტნიორები არ არიან “
„ძალადობა ქალებზე, ძალადობა ოჯახში ძალიან ფართო პრობლემაა და ეს მხოლოდ ქართული პოლიტიკის პრობლემა არ არის, ეს ჩვენი საზოგადოების პრობლემაა“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი საქართველოში ბოლოდროინდელი გახშირებული ოჯახური ძალადობის ფაქტებს. როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, პრობლემა მთელ საზოგადოებაშია, თვითშეგნებაში და ხშირად თავად ქალებშია, რომლებიც შესაბამისად საკუთარ როლს არ აფასებენ.
„ძალადობა ქალებზე, ძალადობა ოჯახში ძალიან ფართო პრობლემაა და ეს მხოლოდ ქართული პოლიტიკის პრობლემა არ არის, ეს ჩვენი საზოგადოების პრობლემაა. ქართული საზოგადოება მიეჩვია იმას, რომ ქალი მაგარია, ხან ფეხზე წამოუდგები, ხან მუხლს მოუყრი. ამ დროს ქალი მოითხოვს, რომ შენთან ერთად, კაცთან ერთად დაჯდეს თანასწორად და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. შუა საუკუნეების დროინდელი მიდგომები დომინირებს დღეს საქართველოში მამაკაცების მხრიდან ქალებთან მიმართებაში და ქალთა საკმაოდ დიდი ნაწილის მხრიდანაც საკუთარი როლის შეფასებაში. მთელ მსოფლიოში, დასავლეთში, ათეული წლებია მიმდინარეობს ქალების საზოგადოებრივ ასპარეზზე ხელშეწყობის პროცესი. მე ვფიქრობ, საქართველოში ამ თვალსაზრისით ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მთავარია არა ის, თუ რომელიმე კაცი ქილიკით მოეკიდება, ან არ მოეკიდება ამ პრობლემას, ეს თავისთავად ცუდია, მაგრამ მთავარია, რომ ქალებმაც უფრო მეტად გაიაზრონ, რომ ისინი არ არიან უმცროსი პარტნიორები ოჯახში და, საერთოდ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში“,- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.