სოზარ სუბარმა დევნილი ომის ვეტერანები მოინახულა
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა და გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გორში, კლინიკა „გორმედში“ დევნილი ომის ვეტერანები მოინახულეს.
დევნილთა და განსახლების სამინისტრო, სამედიცინო კლინიკებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, დევნილი ომის მონაწილეების უფასო სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.
სამინისტროს ცნობით, 16 ოქტომბერს ქალაქ ფოთის სამედიცინო ცენტრში უფასო ამბულატორიული გამოკვლევა 30-მდე ვეტერანს ჩაუტარდა. გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ რამდენიმე პაციენტი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა. ვეტერანები დაუყოვნებლივ სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის ომის ვეტერანს ელგუჯა ჯღარკავას გულის ქრონიკული უკმარისობის დიაგნოზი დაუდგინდა. ელგუჯა ჯღარკავა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, სადაც მას ანგიოგრაფია ჩაუტარდა. ასევე, კლინიკა „გორმედში“ მკურნალობს აფხაზეთისა და ცხინვალის ომის ვეტერანი ნაური ჯიქია.
სამინისტროსა და კლინიკებს შორის გაფორმებული მემორანდუმი საოპერაციო ხარჯების, სტაციონარული მკურნალობისა და სარეაბილიტაციო პერიოდის საფასურის სრულ დაფარვას ითვალისწინებს.