სპორტის სამინისტრო ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას იწყებს, რომლის მთავარი გზავნილებია: “არა – ოჯახურ ძალადობას” და “არა – ქალზე ძალადობას”.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს მინისტრ ლევან ყიფიანის, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებისა და ცნობილი სპორტსმენების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, სლოგანით – “სპორტი ძალადობის წინააღმდეგ”.
მინისტრთან ერთად, პრესკონფერენციაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს კალათბურთის, ძიუდოს, საუნივერსიტეტოს სპორტის, შშმ პირთა მკლავჭიდის, წყალბურთის ფედერაციების წარმომადგენლებმა და სპორტსმენებმა.
“დღეს აქ შეიკრიბნენ სპორტსმენები, რომლებიც თავისი კარიერით, წარმატებით, ცხოვრების წესით მისაბაძები არიან თითეული ჩვენგანისთვის, ჩვენი საზოგადოებისათვის და დარწმუნებული ვარ, მათი მოქალაქეობრივი პოზიცია, მათი დამოკიდებულება ისეთი მტკივნეული საკითხისადმი, როგორც ოჯახური ძალადობაა, ასევე სამაგალითო და გადამდები გახდება გულშემატკივარისთვის”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
სამინისტრო და ცნობილი სპორტსმენები საზოგადოებას მოუწოდებენ გაერთიანდნენ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. სამომავლოდ, სამინისტროს მხრიდან დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს საზოგადოების კონსოლიდირებას ძალადობის ნესბისმიერი გამოვლინების მიმართ.