თბილისის საკრებულო ქალთა მიმართ ძალადობას გმობს
ქალაქ თბილისის საკრებულო ვგმობთ ნებისმიერი ძალადობის გამოვლინებას, მათ შორის ქალთა მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით განხორციელებულ ძალადობას, – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულო ბოლო პერიოდში ქალებზე გახშირებულ ძალადობას. როგორც დედაქალაქის საკრებულოში განმარტავენ, აღნიშნული პრობლემა საზოგადოების ჩართულობით, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების ურთიერთკოორდინირებული მუშაობით მოგვარდება.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ და გამოვხატოთ გულისტკივილი იმ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელთაც ადგილი აქვს ჩვენ საზოგადოებაში, შეშფოთებულები ვართ ბოლო პერიოდში ქალთა მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობისა და მისი უკიდურესად ტრაგიკული შედეგების გამო. ვუსამძიმრებთ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს და როგორც ამ საზოგადოების ნაწილი, ჩვენც გვრძნობთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ამ ადამიანურ ტრაგედიებში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ვგმობთ ნებისმიერი ძალადობის გამოვლინებას, მათ შორის ქალთა მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით განხორციელებულ ანტიჰუმანურ ფაქტებს, მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში და გავზარდოთ ჩვენი, როგორც თვითმმართველი ორგანოს როლი ამ პრობლემის მოგვარებაში.
მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის გადაჭრა მთელი საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით , სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების ურთიერთკოორდინირებული მუშაობითაა შესაძლებელი. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ, გავმართოთ შეხვედრები ძალადობის პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორთან და მათთან ერთად ვიმსჯელოთ ერთობლივ ეფექტიან სამოქმედო გეგმაზე. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტი ჩართულობისკენ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ყველამ ერთად უნდა დავანგრიოთ ჩვენ საზოგადოებაში ქალის მიმარ ძალადობისადმი არსებული მანკიერი სტერეოტიპები, გავერთიანდეთ მათი უფლებების დასაცავად და რაც მთავარია ძალადობის მსხვერპლებს გავუჩინოთ დაცულობისა და თანადგომის განცდა გამომდინარე იქედან, რომ ძალადობასთან ბრძოლის ერთ–ერთი ეფექტიანი გზა პრევენციული ღონისძიებების გატარებაა. თბილისის საკრებულო მზადაა, მხარი დაუჭიროს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც საზოგადოებაში არაძალადობის, ჰუმანიზმის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნულია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.