ემიგრანტების პასუხი ქეთა გაბიანს – “ნუ მათქმევინებთ, რას აკეთებენ ქართველი ქალები უცხოეთშიო“, – ბრძანე!

      „შენგან განსხვავებით, გაბიანო,მე ხშირად ვუყურებ საბერძნეთში და იტალიაში ამ მოხუცების საწოლებთან მიჯაჭვული ქართველი ქალების დაღლილ სახეებს. შენ და შენნაირად მოფიქრალი ნებისმიერი წარმოშობისა და რჯულის ადამიანს ვეუბნები ალალად და უსაყვედუროდ: მიმიფურთხებია თქვენი გადაბზეკილი ცხვირ-პირისთვის!” – ამ სიტყვებით მიმართავს ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის ჯანმრთელობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ჭელიძე კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის” წარმომადგენელს ქეთა გაბიანს.
ქართველ ემიგრატთა ქალების გაღიზიანება ქეთა გაბიანის იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც „ევროპული საქართველოსთვის” წარმომადგენელი აცხადებს, რომ მან არ იცის ქართველი ქალები საბერძნეთში რითი არიან დაკავებულები. ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის ჯანმრთელობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ჭელიძე აღშთებულია ქეთა გაბიანის განცხადებით და სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.
ნინო ჭელიძეს მიაჩნია, რომ ქეთა გაბიანმა ქართველ ემიგრანტ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენა და ქალის შეფასებას უტაქტოს უწოდებს. „კვირა“ ნინო ჭელიძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„სანამ ამ წერილის წერას დავიწყებდი, დიდხანს ვიფიქრე,მეგობრებს ვესაუბრე,მათი აზრიც გავიგე და ბოლოს მივხვდი,რომ უმთავრესი პრობლემა, თუ რატომ გამიჯანჯლდა წერილის დაწერა,მაინც ადრესატია! საოცარი კროსვორდის ამოხსნის წინაშე დავდექი: ვის ვწერ ამ წერილს? ქართველ ქალს? ქართველ მეუღლეს? ქართველ დედას? სხვა ქართველებზე გულდათუთქულ ადამიანს თუ ბოღმითა და ღვარძლით სავსე ადამიანს? მერე ამ ფიქრის დროს ერთი საშინელი ფრაზა ამოტივტივდა ჩემს მახსოვრობაში: ,,ბენზინის ფული ხომ ჰქონდა… ,, და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა! დიახ, ეს თქვენ გწერთ ამ წერილს, ქალბატონო ქეთევან! თქვენ,რომელთანაც შეხვედრაზე, მართალი გითხრათ და, უკვე რამდენიმე წელია, რაც ვოცნებობ! იმიტომ კი არა,რომ მოხიბლული ვარ თქვენი ტენორით? არა, ბატონო! მინდა გკითხოთ, ასე ყველა უწიგნურმა როგორ მოიყარა თქვენ გარშემო თავი, რომ თქვენს გამიზნულ თუ პათოლოგიურ წინადადებათა წყობაზე ყოველ ორ წუთში ნათქვამ თქვენივე აზრის დამადასტურებელ ,,ხო?“-ზე ვერავინ შეგეპასუხათ და ვერავინ გითხრათ: ,,ხო“ კი არა, აბა, ახლა მომისმინე და გაიგონე! ხო და ახლა მომისმინე, ქალბატონო გაბიანო: არც წლოვანებით, არც განათლებით, არც ცენზით, არც ოჯახისშვილობით, არც სამეგობრო წრით და არც ხარისხით შენზე პატარა და დაბლა მდგომი არ ვარ, რომ ,,თქვენობით“ მოგმართო, მაგას დამსახურება უნდა! შენ შეურაცხყოფა მიაყენე არა მარტო ჩემს მეგობრებს, არამედ დედებს, ბებიებს, მეუღლეებს, დებს, დედამთილებს, სიდედრებს, შვილებს! რატომ ქეთევან, რატომ ? ყველაფერს ხომ აქვს ახსნა?
,,ნუ მათქმევინებთ, რას აკეთებენ ქართველი ქალები უცხოეთშიო“, – ბრძანე! მერე უცებ ასჯერ გადამხტარი კიდევ ერთხელ გადახტი და “არ ვიცი, მე არ ვიცი, რას აკეთებენო!-არღნის ჩიტივით ჩაამღერე! შე მამაცხონებულო, თუ არ იცი, ვინ მამაძაღლი გექაჩება, ხმა ამოიღეო? თუ ,,ნუ მათქმევინებთო “, – ამბობ, ეგრე სადაა? მაგ წინადადების პარაფრაზირება აქვე დაგიწერო თუ თავადაც კარგად გესმის რაც იგულისხმე? ვიცი ამ წერილს სწორედ ის ხალხი წაიკითხავს, შენ რომ ტალახი ესროლე და აღარ მინდა მათ გული ვატკინო, თორემ შენი ნააზრევი და ნაფიქრალი, სანამ პირს დააფჩენდი, მანამდეც კოჭებში გეტყობოდა! რა გინდა? რას ჩაიხვიე და ჩაიგუბე სულში ამდენი შხამი და ცოდვა? დიახ, შემთხვევით არ დამიწერია ეს სიტყვა და მაგასაც მოგახსენებ: შენ იმ კატეგორიის ქალი ხარ, სხვა ქალის ცოდვა ,,ჩხუბში წამოსაძახებელი მრუშობა“ რომ გგონია მხოლოდ, ის ქალი არ ხარ, რომელიც ერთხელ მაინც დაფიქრდება საკუთარი ცხოვრების არცთუ ისე ბედნიერი წუთებისა და დღეების შესაფასებლად, დაფიქრდება და იტყვის: ,,ნეტავი ჩემი ცოდვა სხვისთვის ცილისწამება ხომ არ არისო?“. თუმცა მე ახლა ძალიან ბევრს ვითხოვ, ასე ფიქრი და აზროვნება არაფრით არ შეიძლება ჰქონდეს შენნაირ უტაქტო და პრიმიტიულ ქალს, ასეთ აზროვნებას სხვა ხელდასმა სჭირდება, სხვა სული! არ ვიცი, რას აკეთებენო, არა? მე გეტყვი! შენი და შენნაირების მიერ უკანალზე წამოგდებულ და იავარქმნილ საქართველოს აჭმევენ, ასმევენ, მკურნალობენ, ქორწილის დროს ქორწილს უხდიან და განსვენებულს ასაფლავებენ! როგორ? როგორ და დილის ექვს საათზე რომ წამოდგებიან, ღამის 12 საათამდე აი იმ ხანდაზმულებს, რატომღაც “საქართველოზე უარეს ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოში“ რომ ცხოვრობენ, აბანავებენ, ასუფთავებენ, საუზმეს უმზადებენ, ასეირნებენ, წამალს აწვდიან, მერე ისევ ასუფთავებენ, აჭმევენ, მერე სადაც გამოასწრებენ აქ, საქართველოში შვილებს და ოჯახს შეეხმაურებიან, ხომ არავის უჭირს რამე, ხომ ყველა ჯანმრთელადააო, არ ითვლება პასუხი: “ყველა კარგად ვართ!“ – დედაა და სახეზე უნდა შეხედოს შვილს, ქმარს, მოხუც მშობლებს! ცოლია და ქმარს უნდა მიეფეროს თვალებით, სიტყვით, შვილებს კარგად მიხედეო, უნდა კიდევ ერთხელ სთხოვოს და მერე ისევ უნდა იმ ბერძენი,იტალიელი თუ ამერიკელი მოხუცის საწოლის გასასწორებლად და თეთრეულის გამოსაცვლელად შევარდეს მეორე ოთახში, რომ საყვედური არავის ათქმევინოს, ვაი და სამსახურიდან დაითხოვონ!
შენგან განსხვავებით, გაბიანო, მე ხშირად ვუყურებ საბერძნეთში და იტალიაში ამ მოხუცების საწოლებთან მიჯაჭვული ქართველი ქალების დაღლილ სახეებს და შენ და შენნაირად მოფიქრალი ნებისმიერი წარმოშობისა და რჯულის ადამიანს ვეუბნები ალალად და უსაყვედუროდ: მიმიფურთხებია თქვენი გადაბზეკილი ცხვირ-პირისთვის! თქვენ არც ერთი იმ ქართველი ქალის თმის ერთ ღერადაც არ ღირხართ, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენეთ გინდ წარსულში და გინდაც ახლაც, რომ არ აჩერებთ შხამიან ენებს! სწორედ დღეს, შარაზე გართხმული დედაკაცის შესაფერი შენი სიტყვა-პასუხის გაგონების შემდეგ აცრემლებული ქართველი ქალების, ჩემი მეგობრების და პირადად ჩემი მორალური შეურაცხყოფისთვის კატეგორიულად მოვითხოვ, სახალხოდ მოიხადო ბოდიში ქართველი ემიგრანტი ქალბატონებისა და მათი ოჯახების წინაშე! წინააღმდეგ შემთხვევაში მე არც ამ შეურაცხყოფის იურიდიულად გაფორმება შემეშლება“! – წერს ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის ჯანმრთელობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ჭელიძე.10736063_840738085948686_589711749_n
შეგახსენებთ, რომ რადიო “პალიტრის” (FM 103,9) ტოქშოუ “პროვოკატორის” ეთერში “კოალიცია ევროპული საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ქეთა გაბიანმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. გაბიანმა საქართველოში არსებული ვითარება ევროპის სხვა ქვეყნებს შეადარა. მისი განცხადებით, საქართველოში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე საბერძნეთში.
“თქვენ იცით, ევროპაში რა ხდება? – ღმერთმა დაიფაროს, საქართველოში იყოს ის მდგომარეობა, რაც საბერძნეთშია. არ ვიცი, რით არიან დაკავებულნი ქართველი ქალები საბერძნეთში. უამრავი ვარიანტია ალბათობის და ნუ მალაპარაკებ, ძალიან გთხოვ, მე არ მიყვარს მკითხაობა”, – აღნიშნა ქეთა გაბიანმა.
ეს ინფორმაცია, რომელიც 2012 წლით არის დათარიღებული, რადიო „პალიტრამ“ საკუთარ ვებგვერდზე გუშინ ხელმეორედ განათავსა, რასაც ემიგრანტების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„კვირა“ ქეთა გაბიანს დაუკავშირდა. როგორც მან “კვირას” განუცხადა, მას გუშინ ფეისბუქის პირად შეტყობინებებში უამრავი მესიჯი დახვდა. მან „კვირასგან“ შეიტყო, რომ ვიდეო, რომელიც ორი წლის წინ ჩაწერეს, რატომღაც გუშინ ხელმეორედ გახდა აქტუალური. თუმცა, მის მიერ გადაცემაში გახმაურებული განცხადების მთლიანი შინაარსი რატომღაც – ვერ თუ არ გაიხსენა.
„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რამ გამოიწვია გაღიზიანება. უამრავი მეგობარი თუ ახლობელი მყავს საზღვარგარეთ, რომლებიც ან მოხუცს უვლიან, ან კაფე-ბარებში მუშაობენ. ცუდად არაფერი მითქვამს, მაგრამ უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. როდესაც საქართველოში ცხოვრება გაჭირდა, თავად ჩემი და ამსტერდამში წავიდა, თან სწავლობდა და პარალელურად კაფეს ალაგებდა. ყველა ქართველი, რომელიც საზღვარგარეთ მიდის, მათ თავის გადასარჩენად შრომა უწვეთ. თავად მე, როდესაც ჩემს დასთან ამსტერდამში ჩავედი, მეც ვეხმარებოდი მას. ჩემი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, თან სწავლობდა და ბინის ქირის თანხას საკუთარი შრომით იხდიდა. მე მხოლოდ ეს ვიგულისხმე. ასე არიან ჩემი მეგობრებიც და ახლობლებიც. ისე შემომელივნენ ჩემი მეგობრები, რომ თითქმის მარტო დავრჩი თბილისში. მეც მეხვეწებოდნენ, იქ წავსულიყავი, მაგრამ ვერ გადავწყვიტე წასვლა. ერთი ვიცი, რომ მე ცუდად არ მითქვამს… თუმცა, დღემდე მომდის პირად შეტყობინებებში ჩემს მიმართ შეურაცხმყოფელი შეტყობინებები“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ქეთა გაბიანმა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები