“ნაციონალური მოძრაობის” წევრები “ინტერპრესნიუსის” წინააღმდეგ – ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის” წევრების, ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის განცხადება ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სააგენტოს მიერ ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა. დეპუტატები საინფორმაციო სააგენტოს მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდნენ. საქმე ეხება 19 ივნისს ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში – აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეაჩერეს. “ინტერპრესნიუსის” მასალაში აღნიშნული იყო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ელექტროშოკები და დიდი ოდენობით ფული გადაჰქონდათ. ირმა ნადირაშვილი ითხოვდა, რომ სააგენტოს ეს ინფორმაცია შეესწორებინა.
ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ჟურნალისტი დამნაშავეა ქარტიის პირველი მუხლის დარღვევაში, რომელიც საზოგადოების პატივისცემისთვის მიღებული ინფორმაციის ბოლომდე გადამოწმებას ითვალისწინებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა. სხდომას ირმა ნადირაშვილი და „ინტერპრესნიუსის” წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.