დავით ნარმანია გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით გამართულ მიღებას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოსთან თანამშრომლობის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებას დაესწრო. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„გაეროს მოსახლეობის ფონდი, რომელიც 15 წელია, საქართველოში საქმიანობს, დიდ დახმარებას გვიწევს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში, როგორიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის, სიღარიბის დაძლევისა თუ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ორგანიზაცია ხელს უწყობს მოქალაქეებს, იცხოვრონ ჯანმრთელი ცხოვრებით და რაც მთავარია, თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. თბილისის მერია გაეროს მოსახლეობის ფონდთან წლებია, ნაყოფიერად თანამშრომლობს, განსაკუთრებით  მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ მისასალმებელ სიტყვაში.
დავით ნარმანიას თქმით, ფონდის დახმარებით დამყარდა და გაძლიერდა პარტნიორობა ევროკავშირის ქვეყნების წამყვან ტექნიკურ ინსტიტუტებთან, რამაც ქართველ პროფესიონალებს მისცა შესაძლებლობა, აემაღლებინათ ცოდნა და უნარები სკრინინგის ხარისხიანი სერვისების მისაწოდებლად.
თბილისის მერმა გაეროს მოსახლეობის ფონდსა და დედაქალაქის მერიას შორის სამომავლოდ ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
საიუბილეო მიღებას ესწრებოდნენ ზაქიდ ჰაქი – UNFPA-ს წარმომადგენელი  თურქეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთის ოფისების დირექტორი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი, UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები