ბიძინა ივანიშვილი: ებრაელთა უდიდესი ნიჭიერება განსაკუთრებით საქართველოში გამოვლინდა
ებრაელთა უდიდესი ნიჭიერება, რომლითაც ისინი მსოფლიოს აოცებენ, განსაკუთრებით საქართველოში გამოვლინდა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა მუზეუმის გახსნაზე განაცხადა.
ივანიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ებრაელ ხალხს, მსოფლიოს მასშტაბით, სინაგოგები ყველგან ჰქონდა, თუმცა მუზეუმები – იშვიათად და ამ მხრივ, ხაზი გაუსვა დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა მუზეუმის აღდგენის მნიშვნელობას.
“მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, ძალიან ძვირფასი დღეა. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი მეგობრების, ებრაელების უდიდეს ნიჭიერებას, რომლითაც ისინი მთელ მსოფლიოს აოცებენ. ვფიქრობ, ყველაზე მეტად ეს ნიჭი საქართველოში გამოვლინდა. დღეს ვერ ნახავთ ვერც ერთ ქართველ ებრაელს, ვინც ისევე კარგად არ იცის ქართული ენა და კულტურა, როგორც ნებისმიერმა ქართველმა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.