ლელა რაზიკაშვილი: „ოლიმპიური ვარსკვლავის“ საქმე ზურაბ ადეიშვილის ინიციატივით აღძრეს

„ოლიმპიური ვარსკვლავის“ წარმომადგენლის ლელა რაზიკაშვილის თქმით, ზაზა რაზიკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ადეიშვილის ინიციატივით ჩატარებული ფინანსური აუდიტის შემოწმების საფუძველზე აღძრეს.
„სამწუხაროდ, საზოგადოებაში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ზაზა დააკავეს და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ყველაფერი ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო, როდესაც ჩვენი კომპანიის დაზარალებული მობინადრეების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გადაიბირეს. მაშინდელი ხელისუფლების მითითებით, ამ ადამიანებმა მიტინგები გამართეს და მოითხოვეს, კომპანიაში ფინანსური სამსახური შემოსულიყო და აუდიტი განეხორციელებინა. „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნებმა ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელების დასჯა გადაწყვიტეს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში საგრძნობლად ვაქტიურობდით.
ამ მიტინგიდან მეორე დღესვე, კომპანიაში ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები შემოცვივდნენ, ანგარიშები და დოკუმენტები დააყადაღეს და საბუთების შესწავლა დაიწყეს. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა შეისწავლეს, ან რა დასკვნა დაწერეს, მაგრამ 2012 წლის აგვისტოში, მაშინდელმა ხელისუფლებამ კომპანია „ოლიმპიურ ვარსკვლავს“ მილიონობით ლარის ჯარიმები დააკისრეს. ასე გაჩნდა 15 000 0000-ლარიანი ჯარიმის თემაც, რომელიც რამდენიმე დღეში 27 000 000-მდე, ბოლოს კი, 80 000 000 ლარამდე ავიდა. ზუსტად იმ პერიოდში, ანუ 2012 წლის აგვისტოში კომპანიიდან გამაგდეს. ამ ამბების პარალელურად, „ქართუ ბანკის“ გარანტია უკვე ხელთ გვქონდა და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მივმართეთ, რათა წინა ხელისუფლების მიერ ჩვენი კომპანიისთვის არასწორად დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერის პროცედურა დაწყებულიყო. ის, რაც ახლა ხდება, სწორედ ამ ამბის ლოგიკური გაგრძელებაა. დღეს ზაზა რაზიკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იმ შემოწმების საფუძველზე აღძრეს, რომელიც მაშინდელი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ინიციატივით, ჩვენს კომპანიაში ჩატარებული ფინანსური აუდიტის შედეგად, დასკვნის სახით, შეთითხნეს. მეტსაც გეტყვით, დაზარალებული მობინადრეების გარკვეულმა ჯგუფმა ამხანაგობა რომ შექმნა და წევრების რაოდენობა არ ჰყოფნიდა, სიაში ისეთი ხალხიც შეიყვანა, რომელსაც ჩვენთან კავშირი არ ჰქონდა. „ნაციონალების“ მიერ გადაბირებულ მობინადრეებს შორის დალი ჩანტლაძე აქტიურობს, რომელიც საზღვარზე ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით იყო დაკავებული. ეს ის დალი ჩანტლაძეა, რომელიც მაშინდელი ხელისუფლების დაკვეთით აქტიურობდა, რათა „ოლიმპიური ვარსკვლავი“ გაკოტრებულიყო და „საქართველოს ბანკს“ მმართველობაში გადასცემოდა“, – აცხადებს რაზიკაშვილი „ვერსიასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები