ირაკლი კობახიძე: „ფრიდომ ჰაუსის” შეფასება არის აბსოლუტურად ობიექტური და დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე – 2012 წლამდე სასამართლო სისტემა იყო რეპრესიული მანქანის ერთი პატარა ინსტრუმენტი და გამოიყენებოდა რეპრესიებისთვის, ქონების წართმევისთვის, ეს ვითარება ფუნდამენტურად შეიცვალა 2012 წლიდან

“2012 წლამდე სასამართლო სისტემა გადაქცეული იყო რეპრესიული მანქანის ერთ პატარა ინსტრუმენტად და გამოიყენებოდა რეპრესიებისთვის, ადამიანებზე ზეწოლისთვის, ქონების წართმევისთვის და ა.შ. ეს ვითარება რადიკალურად, ფუნდამენტურად შეიცვალა 2012 წლიდან, აქედან გამომდინარე „ფრიდომ ჰაუსის” შეფასება არის აბსოლუტურად ობიექტური და დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში, სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით, საქართველოს ევროპის ქვეყნების ხუთეულში მოხვედრას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა არის ის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რომელიც ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ.

„ჩვენ ხშირად, როდესაც ვუპირისპირდებოდით პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, გახსოვთ ხომ ბრენდირების მცდელობა, საბჭოური სტილის კამპანიები, კლანი და ა.შ. მარტივ რამეს ვეკითხებოდით ოპონენტებს – დაესახელებინათ კონკრეტული საქმეები, სადაც მათი აზრით უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. არავითარი ასეთი ფაქტები არ მოუტანიათ, ამის ნაცვლად გრძელდებოდა პოლიტიკურად მოტივირებული კამპანიები, რაც შემაშფოთებელია. ჩვენ ვერავის მივცემთ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის ხელყოფის შესაძლებლობას, ეს არის ის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ”, –  განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები