ნათია მოდებაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები გამოიჩენენ გონიერებას და ისევ მხარს დაუჭერენ გუნდს, რომელმაც ქვეყანას მრავალწლიანი მშვიდობა მოუტანა

„მიხარია, რომ კახა კალაძის მერობის პერიოდში დაწყებული ყველა პროგრამა, რომელიც ყოველდღიურადაა ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის, მისივე მერობის პერიოდში გაგრძელდება, კიდევ უფრო დაიხვეწება და მეტ წარმატებას მიაღწევს“, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნათია მოდებაძემ გააკეთა.

დეპუტატმა თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს და იმ ადამიანებს, რომლებიც არჩევნების შემდეგ თბილისის საკრებულოს წევრები გახდებიან, წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს ამომრჩევლები ჩვეულ გონიერებას გამოიჩენენ და მხარს დაუჭერენ გუნდს, რომელმაც ქვეყანას მრავალწლიანი მშვიდობა მოუტანა.

„მინდა, წარმატებები ვუსურვო ათასზე მეტ მაჟორიტარ კანდიდატს საქართველოს მასშტაბით, თითოეულ მერობის კანდიდატს 64-ვე მუნიციპალიტეტში, მაგრამ განსაკუთრებით ვუსურვებ წარმატებას კახა კალაძეს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც თბილისის საკრებულოს წევრები უნდა გახდნენ. ასევე, მინდა მივმართო ამომრჩეველს და ვაჩვენო ის ცარიელი ადგილები, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უნდა ისხდნენ. თქვენი წარმომადგენლები, რომლებსაც თბილისის საკრებულოში თქვენი ხმა მიანდეთ და რომლებიც თქვენს ინტერესებს უნდა იცავდნენ, უკვე ერთი წელია საერთოდ არ დადიან საკრებულოში, ისინი არ ესწრებიან სხდომებს და არ არიან ჩართულნი არცერთი საკითხის განხილვაში. ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ იქამდე, ვიდრე წინასაარჩევნო კამპანიაში რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად ჩაერთვებით, კარგად გაიაზრეთ, იქნებიან თუ არა ისინი თქვენი ღირსეული წარმომადგენლები საკრებულოში. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები გამოიჩენენ გონიერებას და ისევ მხარს დაუჭერენ გუნდს, რომელმაც ქვეყანას მრავალწლიანი მშვიდობა მოუტანა“, – განაცხადა ნათია მოდებაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები