19 წლის ყოფილი მძევალი დუმილს არღვევს და გატაცების დეტალებს იხსენებს

კუდი-სა და სოდ-ის ყოფილი თანამშრომლების მიერ გასულ კვირას გატაცებული 19 წლის იოსებ გიორხელიძე გათავისუფლების შემდეგ დუმილს არღვევს და გატაცების დეტალებს იხსენებს. “პრიამტაიმთან“ ინტერვიუში იოსებ გიორხელიძე აცხადებს, რომ გამტაცებლებმა კარზე ზარი დარეკეს და თქვეს, რომ გაზის კომპანიიდან იყვნენ, სახლში შეაღწიეს და გაიტაცეს.

„იმ დღეს გოთუას ქუჩაზე ჩემს საკუთარ სახლში ვიმყოფებოდი.
– იქ ვისთან ერთად ცხოვრობთ?
– მარტო…
– შეგიძლიათ, მოგვიყვეთ, რა მოხდა იმ დღეს, 10 ოქტომბერს…
– დილა იყო. ახალი გაღვიძებული ვიყავი, კარზე ხმა რომ შემომესმა. მითხრა, რომ გაზის კომპანიიდან იყო. ამის შემდეგ 4 დღე ვყავდი დატყვევებული. მეხუთე დღეს გამათავისუფლეს. იქ არაფერი ისეთი არ მომხდარა. ძალადობა არ ყოფილა. ნორმალურად მეპყრობოდნენ…
– იქნებ უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ: სახლში რამდენი შემოვიდა, როგორ გამოიყურებოდნენ, როგორ გაგიყვანეს სახლიდან?
– თავიდან ერთი იყო, მერე შემოვიდა ორი.
– მეოთხე გამტაცებელი როდის გამოჩნდა?
– მეოთხე იმ სახლში იყო, სადაც 4 დღე ვიმყოფებოდი.
– თვალებახვეული წაგიყვანეს?
– დიახ.
– მეზობლებს ხმაური არ გაუგიათ. ეს როგორ მოხდა?
– ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან ადრე იყო.
– როგორ გამოიყურებოდნენ გამტაცებლები?
– ფიზიკურად დაახლოებით ჩემი სიმაღლის იყვნენ, შეიძლება ოდნავ მაღლებიც. ასაკით, 40-45 წელს ზევით არ იქნებოდნენ.
– ჩანთაში ჩასვესო…
– მეც გამიკვირდა, თავიდან ჩანთა რომ დავინახე.
– რამხელა ჩანთა იყო?
– საკმაოდ დიდი იყო, თავისუფლად ჩამსვეს შიგნით. მაგრამ სიმძიმეს ვერ გაუძლო და გაიხა.
– შემდეგ ვიცით, რომ მანქანაში ჩაგსვეს იარაღის მუქარით. რა მანქანა იყო?
– არც ეს ვიცი, თვალები უკვე ახვეული მქონდა, მანქანასთან რომ მივედით. ხელებიც შეკრული მქონდა. დაახლოებით ნახევარი საათი დაგვჭირდა ადგილზე მისასვლელად.
– ახლა უკვე ირკვევა, რომ ის სახლი, სადაც თქვენ იმყოფებოდით, არმაზში იყო… გზაში რამეს გეუბნებოდნენ?
– საბარგულში ჩამსვეს. მერე სახლში შემიყვანეს და იმის მერე, ბოლო დღემდე აღარ გამოვუყვანივარ.
– იმ ოთხი დღის განმავლობაში რა ხდებოდა იმ სახლში?
– მოქცევა არ იყო ცუდი.
– გკვებავდნენ ნორმალურად?
– ძეხვით, პურით, ყველით, ცხელი ჩაით…
– ვინმე ნაცნობი იყო, ვისაც იქ ხედავდით?
– არა, ჩემთვის ყველა უცნობი იყო.
– იმ ოთხი ადამიანის გარდა, იმ სახლში სხვა არ მოსულა?
– არავინ არ მინახავს სხვა.
– როგორ მოხდა თქვენი განთავისუფლება?
– როცა ფული მიიღეს, მე დამტოვეს კონკრეტულ ადგილას.
– რა ადგილი იყო?
– თვითონაც არ ვიცი, სად ვიყავი. ავტობანთან დამტოვეს.
– იქაც თვალებახვეული მიგიყვანეს?
– კი. როდესაც მანქანიდან გადმომიყვანეს და დამტოვეს, მერე ავიხსენი თვალები. მითხრეს, აქ დაელოდე შენიანებსო. მალე მამამ მომაკითხა და წამომიყვანა.
– შეგეშინდათ?
– რა თქმა უნდა, საშიში იყო… თუ შეიძლება, აქ შევწყვიტოთ. საუბარს ვეღარ განვაგრძობს“,-აცხადებს იოსებ გიორხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები