ივანე ჩხაიძე: ავტომობილის გამონაბოლქვის ზემოქმედება უნივერსალურ საფრთხედ განიხილება, თუმცა განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფებია: ბავშვები, განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის, ასევე – ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა

„ავტომობილის გამონაბოლქვი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად რჩება. სპეციალისტების განმარტებით, დღეისათვის, ცნობილია 38 ქიმიური ნივთიერება, რომელიც შედის გამონაბოლქვის შემადგენლობაში და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია“, – აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, მავნე ნივთიერებები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: ნაწილი იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, ნაწილი კი აზიანებს სხვადასხვა ორგანოსა და სისტემას და იწვევს ჯანმრთელობის გართულებებს. დადგენილია, რომ ხანგრძლივი და განმეორებითი ზემოქმედება დაკავშირებულია ფილტვის, შარდის ბუშტისა და ნაწლავის კიბოსთან. თუმცა არაონკოლოგიური რისკები უფრო ფართოა, ესენია: სასუნთქი სისტემის პათოლოგიები, დემენციის რისკის ზრდა და ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით, ფილტვის ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

„ავტომობილის გამონაბოლქვის ზემოქმედება უნივერსალურ საფრთხედ განიხილება, თუმცა განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფებია: ბავშვები, განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები (გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის პათოლოგიებით), 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა”, – განმარტავს პროფესორი ვანო ჩხაიძე.
მისი შეფასებით, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირება და კონტროლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა განიხილებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები