ლევან მაჭავარიანი: ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ ამერიკულ მხარესთან და დროსა და სივრცეში გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი

“ძალიან სასიამოვნოა ის სიგნალები, რომელიც იგივე ბატონი რუბიოს მხრიდან, ბატონი ვენსის მხრიდან მოდის. ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ ამერიკულ მხარესთან და დროსა და სივრცეში გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ოპტიმისტურადაა განწყობილი, თუმცა ბურთი თავიდან ბოლომდე აშშ-ის მოედანზეა.

„ძალიან სასიამოვნოა ის სიგნალები, რომელიც იგივე ბატონი რუბიოს მხრიდან, ბატონი ვენსის მხრიდან მოდის და ასევე, ის შეხვედრები, რომელი ბატონ მამუკა მდინარაძეს ჰქონდა ვაშინგტონში. ეს ყველაფერი ჩვენ გვანარჩუნებინებს იმის იმედს, რომ შესაძლებელია აშშ-ისთან გადაიტვირთოს ჩვენი ურთიერთობები და დაიწყოს რეალური ურთიერთობა.

ხაზს გავუსვამდი, რომ პრემიერ-მინისტრის დონიდან დაწყებული და რიგითი დეპუტატით დამთავრებული ჩვენ ძალიან ხშირად ვიმეორებთ ამ კონკრეტიკას, რომ ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ ამერიკულ მხარესთან და დროსა და სივრცეში გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი, სადაც დეტალურად გაწერილი იქნება თუ რა ნაბიჯები არის გადასადგმელი ჩვენი მხრიდან, რა ნაბიჯები არის გადასადგმელი აშშ-ის მხრიდან იმისთვის, რომ ორივე ქვეყნის ინტერესები იყოს გათვალისწინებული და დაცული.

რა თქმა უნდა ოპტიმიზმი შენარჩუნებული გვაქვს სწორედ იმ სიგნალებიდან გამომდინარე, იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რაზეც ზემოთ ვისაუბრე და ხაზი გავუსვი. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ ყველაფრის რა თქმა უნდა ველით და ეს ეტაპი, როდესაც დადგება ჩვენ ამ ყველაფერს საზოგადოებას მოვუყვებით.

ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები თუმცა ბურთი თავიდან ბოლომდე აშშ-ის მოედანზეა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები