შალვა პაპუაშვილი: ბატონი პეტერი არ ახსენებს ჩემს თანამდებობას და მხოლოდ გვარით მომიხსენიებს – როგორც ჩანს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეობასთან ერთად, არც ჩემი ასაკის მატებას აღიარებს და დაკლებული 2 წელიც ამას უნდა მივაწეროთ

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც ელჩი პაპუაშვილის ასაკსა და გერმანულ ანაზღაურებაზე საუბრობს.

„სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინ 50 წელი შემისრულდა. ნიშანდობლივია, რომ მის ვრცელ ინტერვიუში, ბატონი პეტერი, არც ერთხელ არ ახსენებს ჩემს თანამდებობას და მხოლოდ გვარით მომიხსენიებს. როგორც ჩანს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეობასთან ერთად, არც ჩემი ასაკის მატებას აღიარებს და ეს დაკლებული 2 წელიც ამას უნდა მივაწეროთ. ეროვნული ინტერესები პიროვნების ცხოვრებაზე და, მით უმეტეს, პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს. ის, რომ ბატონმა პეტერმა 30 – წლიანი სანიმუშო პარტნიორობა 3 წელიწადში დაანგრია, ამ მარტივი ჭეშმარიტების ვერ გააზრების ნიშანია. ესეც გაივლის“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პეტერ ფიშერის თქმით, შალვა პაპუაშვილი 48 წლისაა, საიდანაც ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე. მისი თქმით, პაპუაშვილი გერმანიაში 4 წლის განმავლობაში გერმანიის ხელისუფლების სტიპენდიით სწავლობდა, შემდეგ კი 17 წელი გაატარა გერმანიის განვითარების თანამშრომლობის ტექნიკური იმპლემენტაციის სააგენტოსთან, რომლის პროექტები ასევე გერმანიის მიერაა დაფინანსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები