ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერ გრანტს მთავრობა მიიღებს და მადლობას გადაიხდის, ოღონდ დონორმა ორგანიზაციამ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს გრანტი არ ხმარდება პოლიტიკურ აქტივობას

“მდიდარი „ენჯეოები“ გიგაური, ლომჯარია, ბაბუცა პატარაია და მათი მსგავსი „ენჯეო“ ორგანიზაციები არიან ინსტრუმენტი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ხელში”,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ნებისმიერ გრანტს მიიღებს, ოღონდ დონორმა ორგანიზაციამ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს გრანტი არ ხმარდება პოლიტიკურ აქტივობას.

„აშშ-მ ამაზე ღიად ისაუბრა. ამიტომ დაკეტეს „ნედი“ და „იუესეიდი“, ვინაიდან, ისინი პირდაპირ აფინანსებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში „ენჯეო“ ორგანიზაციებს იმისთვის, რომ იქ მოეხდინათ რევოლუციები და ქვეყნის ფუნქციონირებისთვის ხელი შეეშალათ. ეს აქტორები [ლომჯარია, გიგაური, პატარაია] არიან ინსტრუმენტები მათ ხელში და მათ პატრონებს არ სურთ, რომ გადაეკეტოთ ასეთი ინსტრუმენტებისთვის დაფინანსება. ნებისმიერ გრანტს მთავრობა მიიღებს და მადლობას გადაიხდის, ოღონდ დონორმა ორგანიზაციამ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს გრანტი არ ხმარდება პოლიტიკურ აქტივობას.

ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონითაა გაწერილი, რომ გარე დაფინანსება ვერ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიას იმიტომ, რომ გარე დაფინანსებას მოყვება უცხოური ინტერესი და უცხოური ინტერესის ადგილი პოლიტიკაში არ არის. პოტენციურად, რაც კი შეიძლება შავ ხვრელად განიხილებოდეს, ყველაფერს ამოვავსებთ“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები