აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთთან პარაფირებული სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნა
2025 წლის 8 აგვისტოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების ტექსტის პარაფირება მოახდინეს.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები ოფიციალურად აცხადებენ უარს ერთმანეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებზე, ადასტურებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ვალდებულებას იღებენ დავების მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტაზე.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გამოქვეყნებული სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი 17 პუნქტისგან შედგება.
დოკუმენტის თანახმად, „ორივე მხარის მიერ რატიფიცირებული შეთანხმების გაცვლის შემდეგ, მხარეები დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ, ვენის 1961- 1963 წლების კონვენციების შესაბამისად“.
„მხარეები ერთმანეთის საზღვარზე რომელიმე მესამე მხარის ძალებს არ განათავსებენ. მხარეები, საზღვრის დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის დასრულებამდე, უსაფრთხოებისა და ნდობის გაძლიერების მიზნით ურთიერთშეთანხმებულ ღონისძიებებს განახორციელებენ, მათ შორის სამხედრო სფეროში, კერძოდ, საზღვრისპირა რეგიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“, – აღნიშნულია შეთანხმებაში.
შეთანხმების შესრულების მონიტორინგის მიზნით, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ კომისიას შექმნიან.