ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ერთობლივი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 6-7 ივნისს, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ერთობლივი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, აქცია მოიცავდა თერაპევტის, ნევროლოგის, უროლოგის, ოფთალმოლოგის, დერმატოლოგისა და კარდიოლოგის კონსულტაციას, ასევე, ექოსკოპიას, ელექტროკარდიოგრამას, გულის ექოსკოპიას, ლაბორატორიულ კვლევებს.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციის ფარგლებში, სამსახურის 181 ბენეფიციარს უსასყიდლოდ გაეწია სამედიცინო მომსახურება; განხორციელდა 345 სამედიცინო ვიზიტი.

აღსანიშნავია, რომ აქციაში ჩართული იყო ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მობილური კლინიკა, რომლის მეშვეობითაც, მედპერსონალმა, მუნიციპალიტეტის სოფლებში, ადგილზე გაუწია სამედიცინო მომსახურება იმ ბენეფიციარებს, რომელთაც ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, გადაადგილება შეზღუდული აქვთ.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გელა ცინაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე.

ინფორმაციისთვის, ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მოძრავი ამბულატორია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩართულობით, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს _TIKA-ს მხარდაჭერით, გასული წლის ივნისში გადაეცა; ჰოსპიტალი, უფასო სამედიცინო აქციებს, მოძრავი ამბულატორიით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პერმანენტულად ატარებს.

ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები