თსუ-ში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლის მთავარი ღონისძიება – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„თქვენ ჩვენი ერის ყველაზე დიდი საგანძური ხართ. თქვენს ხელთაა საქართველოს მომავალი. ჩვენ უზომოდ ვამაყობთ თითოეული თქვენგანით. მთავარია შრომა და რწმენა წარმატებისა. თუ ეს გექნებათ ცხოვრებაში დაუძლეველი არაფერია,”- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ღონისძიებას თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

წელს თსუ 3500-მდე სტუდენტმა დაამთავრა. მათ შორის ყველაზე წარჩინებულები –  2025 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის შვიდივე ფაკულტეტის   ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულები წარჩინების სიგელებითა და  სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება დატვირთული იყო თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი მასალებით. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გენერირებულმა უნივერსიტეტის პირველმა სტუდენტმა მედეა ღამბაშიძემ 3500 კურსდამთავრებულს მიმართა.

თსუ ვაჟთა ვოკალურმა სტუდენტურმა ანსამბლმა შეასრულა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, თსუ-ს სტუდენტურმა კაპელამ კი – სტუდენტური ჰიმნი „გაუდეამუსი“.

ღონისძიების ფარგლებში 2025 წლის კურსდამთავრებულთა სახელზე დაირგო  წითელი ნეკერჩხალი, რითაც გაგრძელდა გასულ წელს დაწყებული ინიციატივა – კურსდამთავრებულთა ხეივნის გაშენება.

მთავარი ღონისძიების დაწყებამდე კურსდამთავრებულებსა და მათ ახლობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გადაეღოთ სამახსოვრო სურათები სპეციალურად მათთვის მოწყობილ ფოტოზონებში.

ღონისძიების შემდგომ თსუ-ის კურსდამთავრებულებისთვის თსუ-ს მეორე კორპუსის შიდა ეზოში გაიმართა წვეულება, სადაც კურსდამთავრებულთა გართობაზე იზრუნეს: FE PROJECT, DJ 110, Monk B2B Mocongo.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 240-მდე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის FIBAA და ABET საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე და  27 უცხოენოვან პროგრამაზე, 26 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. თსუ-ის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი 29 ევროპული ქვეყნის 120-ზე მეტ უნივერსიტეტში, აშშ-სა და იაპონიის, სამხრეთ კორეის, ჩინეთის უნივერსიტეტებში სწავლობენ და ეცნობიან უმაღლესი განათლების თანამედროვე სტანდარტებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus + და ორმხრივი ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გაცვლითი  პროგრამების ფარგლებში. თსუ-ში 200-ზე მეტ ინგლისურენოვან სასწავლო კურსზე 50 ქვეყნის 900-ზე მეტი მოქალაქე სწავლობს.

ახალ 2025-2026 სასწავლო წელს თსუ 8500-ზე მეტ პირველკურსელს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები