მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსახორციელებლად კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომისიას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით შეიქმნა, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს.
როგორც გივი მიქანაძემ საუბრისას აღნიშნა, კომისია აქტიურად იმუშავებს, რათა ღირსეულად აღინიშნოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილე.
„ჩვენი მიზანია, დავაფასოთ ის უმნიშვნელოვანესი საქმიანობა, რომელსაც 85 წლის განმავლობაში მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ეწეოდა. ვფიქრობთ, რომ ეს ეროვნულ დონეზე აღნიშვნას იმსახურებს. სწორედ ამიტომ, პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, შეიქმნა შესაბამისი კომისია – ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხზე, დავგეგმოთ თანმიმდევრული ნაბიჯები და შესაბამისი აქტივობები, რაც უზრუნველყოფს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საიუბილეო თარიღის სათანადო აღნიშვნას.
ფართომასშტაბიანი ღონისძიებები, რომელიც როგორც თბილისში, ისე რეგიონებში გაიმართება, კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს მეცნიერების უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.
შეხვედრაზე დამტკიცდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების კონცეფცია, რომელიც ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
მეცნიერების ისტორიული როლის წარმოჩენა;
გამორჩეული მეცნიერების წარდგენა და დაფასება;
ახალგაზრდა მეცნიერების მოტივაციის ზრდა;
საერთაშორისო სამეცნიერო კავშირებისა და პარტნიორობის გაძლიერება.
ამასთან, დაიგეგმა კომისიის საქმიანობის მომდევნო ეტაპები. კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ დეტალურ სამოქმედო გეგმას 1 თვის განმავლობაში შეიმუშავებენ, რაც გულისხმობს კონკრეტული ღონისძიებების ჩატარებას და მის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის განსაზღვრას შესაბამის ვადებში.
სხდომას ესწრებოდნენ კომისიის თანათავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, საპატრიარქოს, სამეცნიერო ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.