5 ბალიანი შტორმი, მოგლეჯილი ხეები და მეწყერი – სტიქიამ აჭარა კვლავ დააზარალა
აჭარის შავიზღვისპირეთში წუხელ 5 ბალიანი შტორმი და ძლიერი ქარი დაფიქსირდა.
როგორც “კვირას“ ბათუმის საგამგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა შტორმმა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ბალასტი გამორიყა.
მისვე ინფორმაციით ძლიერმა ქარმა ქობულეთში ხეები მოგლიჯა. მოგლეჯილი ხე თურქეთის მოქალაქის მანქანას დაეცა.
რაც შეეხება მაღალმთიან აჭარაში არსებულ მდგომარეობას, თურმანიძის ინფორმაციით სოფელ ზვარეში მდებარე ეკლესიასთან მეწყერი ჩამოწვა, თუმცა საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.
“ შტორმის შედეგად ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ბალასტია გამორიყული, ჩვენ ინფორმირებულები ვიყავით, რომ შტორმი იყო მოსალოდნელი, შესაბამისად, შტორმამდე მცურავი საშუალებები იახტკლუბში შემოვიდნენ. ძლიერმა ქარმა ქობულეთში ხეები მოგლიჯა, ხე თურქეთის მოქალაქის კუთვნილ ავტომობილს დაეცა. სოფელ ზვარეში მეწყერი ჩამოწვა და ხეები ჩამოიტანა, თუმცა ჩვენი სამსახურის წარმომადგენლებმა ხეებისგან ტერიტორია უკვე გაწმინდეს, საბედნიეროდ დაშავებულები არ გვყავს“, – განუცხადა “კვირას“ მამუკა თურმანიძემ.
სინოპტიკოსები შავიზღვისპირეთში გამოდარებას დღის მეორე ნახევრიდან ელოდებიან.