შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია…“ კინოჩვენება ზესტაფონში გაიმართა (ვიდეო)

  შსს-ს არქივის მიერ გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია…“ კინოჩვენება რეგიონებში იმართება. რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის შესახებ გადაღებული ფილმი შსს-ს არქივის წარმომადგენლებმა პირველად ზესტაფონში, უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარადგინეს. კინოჩვენებას შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, იმერეთის გუბერნიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ფილმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელმა და ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი ქავთარაძემ.
ორგანიზატორებმა ფილმის წარდგენა იმერეთის რეგიონში, ქალაქის დღესასწაულს – „ზესტაფონობას“ დაამთხვიეს. სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა საგანგებო საარქივო გამოცემა ,,არქივის კვალდაკვალ – ზესტაფონი“, რომელიც რაიონის მაცხოვრებლებს დაუმახინჯებლად, პირველწყაროდან მიაწვდის ფაქტობრივ მონაცემებს მათი კუთხის უახლესი ისტორიის შესახებ. გამოცემის რამდენიმე ეგზემპლიარი იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებს საჩუქრად გადაეცათ.
კინოჩვენებასთან ერთად დრამატული თეატრის შენობაში მოეწყო გამოფენა „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად“. საგამოფენო სტენდებზე წარმოდგენილი იყო იმ მნიშვნელოვანი საარქივო დოკუმენტების ნაწილი, რომლებიც შსს-ს უნიკალურ არქივშია დაცული.
შსს-ს მიერ გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია…“ პრემიერა რამდენიმე კვირის წინ თბილისში გაიმართა. ფილმში საზოგადოება ილია ჭავჭავაძის მკვლელობის სრულიად ახალი ვერსიის ეკრანიზაციას გაეცნო, რომელიც ისტორიკოსებისა და მკვლევარების მოსაზრებებითაა გამყარებული. ფილმზე მუშაობის დროს ილიას მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის ხელახალი შესწავლაც ჩატარდა. ფილმში მოქმედება მეოცე საუკუნის სამ ეპოქაში ვითარდება, რაც მას უფრო შთამბეჭდავს და დინამიურს ხდის. ფილმში მონაწილეობა არაერთმა ცნობილმა და სახელოვანმა მსახიობმა მიიღო. შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება სხვა რეგიონებშიც ახლო მომავალში გაიმართება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=rc8P78D5028″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები