,,ადგილობრივ არჩევნებში რა შანსი უნდა ჰქონდეთ იმ ადამიანებს, რომელთა მთავარი საარჩევნო დაპირება გარედან მიღებული მითითებებით გადაწყვეტილების მიღებაა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურ ლანდშაფტზე არჩევანია, დამოუკიდებლობის მომხრე „ქართულ ოცნებასა“ და დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე რადიკალურ ოპოზიციას შორის.
„ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებაზე როცა საუბრობენ, ამით აღიარებენ, რომ ისედაც ერთი ბრენდის ქვეშ, „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეშ არიან. როდემდე უნდა შეგვაყარონ თვალებში, ეს უკვე ნაცარიც აღარ არის, რასაც ხალხი ხედავს. ეს არის თავხედური ტყუილი ქართული საზოგადოების მიმართ, როცა ევროპელ პოლიტიკოსებს და დიპლომატებს ვხედავთ, რომლებიც გამოდიან და გვესაუბრებიან იმაზე, რომ თითქოს, რაიმე არის განსხვავება რადიკალურ ოპოზიციას შორის. ერთი წყაროდან მომდინარე ნაკადულებია, რომლებიც ყოველთვის ერთად ერთიანდებიან, როგორც ვერცხლის წყალი. ეს ერთი ბრენდია „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაცობა“ იდეოლოგიაა. ყველა, ვინც ამ იდეოლოგიის ქვეშაა, ერთი პარტიის ნაწილია. რაც შეეხება არჩევნებში მათ მონაწილეობას, იმ ადამიანებს რა შანსი უნდა ჰქონდეთ, რომლებიც პირდაპირ გამოდიან და მათი მთავარი საარჩევნო დაპირებაა, რომ გადაწყვეტილებებს მიიღებენ გარედან მიღებული მითითებებით. მთავარი საყვედური რა არის რადიკალური ოპოზიციის ხელისუფლების მიმართ? – უცხოელებს არ ვუჯერებთ. მათი მთავარი დაპირებაცაა, რომ უცხოელებს დაუჯერებენ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დაუჯერებენ და საქართველოს მისი სურვილების და მითითებით მართავენ. ასეთ ადამიანებს ხმა ვინ უნდა მისცეს? როგორ შეიძლება მათ მანდატი ანდო? ხალხმა დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლეთ, დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და 30 წელია ქვეყანას ვაშენებთ, ახლა ძალებს ვხედავთ, რომლებიც ამბობენ, რომ ქართველობა უუნარობას ნიშნავს, ჩვენ არაფერი შეგვიძლია, უნდა დავუჯეროთ რასა იუკნევიჩიანეს და ბრიუსელის პრესსპიკერს. მათ სისხლით მოტანილი დამოუკიდებლობა ამ დონეზე დაჰყავთ. ზოგადად, პოლიტიკურ ლანდშაფტზე არჩევანია – დამოუკიდებლობის მომხრე და მოწინააღმდეგე ძალებს შორის. ცალ მხარეს „ქართული ოცნებაა“, რომელიც დამოუკიდებლობის მომხრეა და მეორე მხარეს რადიკალური ოპოზიციაა, რომელიც დამოუკიდებლობის წინააღმდეგია. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველებს ჩვენი ქვეყნის მართვა არ შეგვიძლია და ეს ყველაფერი ბრიუსელის პრესსპიკერმა, რომელიღაცა ელჩმა და რომელიღაცა ევროპელმა პოლიტიკოსმა უნდა გვითხრას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.