”100-150 მომიტინგე სრულიად უკანონოდ კეტავს მოძრაობას ხან აქ ხან იქ და კანონი დუმს” – ზაალ ანჯაფარიძე
“რა თქმა უნდა, ყველას აქვს კანონის ფარგლებში (!!!) შეკრების და აზრის გამოხატვის უფლება/თავისუფლება, და საქართველოში ჭარბად სარგებლობენ ამ უფლებით”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მე პირადად არ მაქვს ამაზე გართულება, რა ფორმითაც უნდა გამოხატავდნენ, თუკი ეს კანონის ფარგლებში ჯდება. პრობლემა კი ისაა, რომ არ ჯდება მავანთა ქმედება კანონის ფარგლებში. 100-150 მომიტინგე სრულიად უკანონოდ კეტავს მოძრაობას ხან აქ ხან იქ, და კანონი დუმს. მიტინგებზე დადიან ნიღბებით, რაც აიკრძალა, და კანონი ისევ დუმს. კითხვა: რატომ?
არ ვიცი სხვებისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ძალიან მიუღებელია, როდესაც ეს ერთი მუჭა ხალხი “პასიონარულ უმცირესობას” რომ უწოდებენ ზოგჯერ, მთელი ხალხის სახელით რომ საუბრობს. ჩემი აზრით, ეს შეურაცხმყოფელი უნდა იყოს დანარჩენი საზოგადოებისთვის “მდუმარე უმრავლესობას” რომ უწოდებენ ხანდახან. ამ მდუმარებაში კი რა თუხთუხებს ვინ იცის?!”, – წერს ანალიტიკოსი.